რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის” ახალ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ელაპარაკა და დარჩენა გადაწყვიტა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბავარიელთა ხორვატ თავკაცს 29 წლის თავდამსხმელის გაშვება არ უნდოდა.
„ვადასტურებ, რომ წუხელ მე და რობერტმა ვილაპარაკეთ, — თქვა კოვაჩმა, — მან კარგად იცის რასაც ვფიქრობ მის შესახებ და როგორ ვაფასებ მას. მისი მაღალი ოსტატობის ამბავი „ბაიერნში” ყველასთვის კარგად არის ცნობილი. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ლევანდოვსკი მსოფლიოს სამ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელს შორისაა და ჩვენ მის ვინმესთვის დათმობას არ ვაპირებთ. სწორედ ეს ვუთხარი წუხელ თავად რობერტს. მასთან მოლაპარაკებით ძალიან კმაყოფილი ვარ”.
„შპორტ ბილდმა” ნიკო კოვაჩს მისი თანამემამულის, ფრანკფურტის „აინტრახტის” 24 წლის გარემარბის ანტე რებიჩის შესახებაც ჰკითხა. კოვაჩი „ბაიერნში” გადასვლამდე თავადაც „აინტრახტში” მუშაობდა და ბევრს ეგონა რომ რებიჩს „რეკორდმაისტერში” წაიყვანდა.
კოვაჩმა თქვა: „ანტე კარგი პროვნება და ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ფრანკფურტში ბოლო ორ წელიწადში დიდი პროგრესი განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გადახედეთ „ბაიერნის” რიგებს. მის პოზიციაზე ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს და ამდენად რებიჩის დახმარება ნამდვილად არ გვჭირდება”.