დღეს მატეო კოვაჩიჩს „ჩელსის” ექიმები შეამოწმებენ და „რეალიდან” იჯარით მისი „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაც ოფიციალურად დადასტურდება.
„ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა კონკურენციას, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა აჯობეს. ჯერჯერობით ისე გადაწყდა, რომ ხორვატი ნახევარმცველი პრემიერლიგაში ერთ წელიწადს დაჰყოფს.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საპირისპირო მიმართულებით მგზავრობას დაემთხვა — მონდიალის საუკეთესო გოლკიპერი 38 მილიონ გირვანქად „ჩელსისგან” „რეალმა” იყიდა.
ინგლისურმა პრესამ დაწერა, რომ „ლურჯების” ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი კოვაჩიჩის შეძენით წინამორბედის, ანტონიო კონტეს დატოვებული შემადგენლობის თავის გემოზე გადაკეთებას იწყებს.
ამრიგად, „ჩელსის” ოფისში ორი დაძაბული დღე ელით: კურტუას სანაცვლოდ „სტემფორდ ბრიჯზე” ბილბაოდან 23 წლის მეკარე კეპა არისაბალაგა ჩაჰყავთ და მასში 71 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.