
„რეალის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ 18 წლის ვინისიუს ჯუნიორი სწორედ ისაა, ვინც ახალ ისტორიას არამხოლოდ ერთი კლუბის მასშტაბით დაწერს.
ვინ არის ეს ბიჭი, რომელშიც ფლორენტინო პერესმა დაუნანებლად გაიღო 45 მილიონი (!) ევრო? არადა, გარიგების მომენტში ვინისიუსს „ფლამენგოს“ ძირითადი გუნდის მაისური ორად ორჯერ ჰქონდა მორგებული. სან-პაულოს ღარიბულ გარეუბანში გაზრდილმა ყმაწვილმა სკაუტების ყურადღება პირველად მაშინ მიიქცია, როცა 13 წლისამ ბრაზილიის 15-წლამდელთა ნაკრებში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო და 6 მატჩში გატანილი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
15 წლისამ „ფლამენგოს“ ჭაბუკთა გუნდთან ერთად Copa Vetorant მოიგო. ისევ 6 გოლი და ისევ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული… საბოლოოდ საკუთარი ტალანტი ვინისიუსმა რიოს შტატის უცნობილეს ტურნირ Copa Sao paulo-ზე დაამტკიცა. ამ ტურნირს ყველა თავმოყვარე ევროპული კლუბის სკაუტი ესწრება. საკმარისია ითქვას, რომ სწორედ ამ ტურნირის ბოლო სამი აღმოჩენა ლუკას მოურა, ნეიმარი და გაბრიელ ჟეზუსი არიან.
სწორედ იქ 16 წლის ვინისიუსმა უმოწყალოდ არბია სამი წლით უფროსი მეტოქეები… ოდნავ მოგვიანებით ვინისიუსს დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში. რომ იტყვიან იფრინაო, ისე ითამაშა და ჩილელებს დუბლით გაუმასპინძლდა. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო და ფლორენტინო პერესიც იქვე გაჩნდა უკვე ხსენებული 45 მილიონი ევროთი…

ერთი ოცნების ასრულება ჯერ წინ აქვს და სჯერა, რომ მანამდე არც ისე შორია – ნეიმარის მხარდამხარ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ბურთაობაზე ფიქრობს. მანამ კი რეალური პერსპექტივით ფრთაშესხმულმა გასული ბრაზილიური სეზონი 15 გოლით ჩაამთავრა და ახლა ბენზემასა და ბეილის პარტნიორის რანგში ესპანური ეპოპეისთვის ემზადება.

ხშირად ადარებენ რონალდუს. რითი ჩამოჰგავს? ფანტასტიური სისწრაფე აქვს და ორივე ფეხით ყუმბარისებურად ურტყამს. 20-25 მეტრიდან მეტოქის კარის დაბომბვა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ იმით ჰგავს, რომ ხშირად ახდენს მეტოქეთა პროვოცირებას. „ბოტაფოგოს“ კარში გატანილი გოლი მტირალა ბავშვის პანტომიმით აღნიშნა – „ბოტაფოგოს“ ხომ მუდმივად მსაჯებზე და უიღბლობაზე წუწუნის გამო დასცინიან. მაშინ ფედერაციამ „ფლამენგო“ სერიოზულად დააჯარიმა, მაგრამ თავად კლუბმა ფეხბურთელი დაინდო.
პრიმერას დაწყებამდე ბევრი აღარ დარჩა. „რეალის“ მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი ირწმუნება, ვინისიუსს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდებაო. ველოდებით ახალი ვარსკვლავის დაბადებას.
ვინ იქნება ის: რონალდუს წასვლით წარმოქმნილი სიცარიელის შემვსები უბრალოდ კარგი ფორვარდი თუ ვინისიუს I, რომელიც თავად გახდება აღტაცების და მიბაძვის ობიექტი?