
პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა.
პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა ინგლისში სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩენილ ორ დღეში როგორ უნდა აიძულოს „იუნაიტედი” დაემშვიდობოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, გაუგებარია — პრემიერლიგაში ფეხბურთელების ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ესპანეთში კი ვაჭრობა სექტემბრამდე ნებადართულია.
სხვათა შორის, „სანი” ჯერ კიდევ 15 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დღეს წერდა, პოგბას აგენტმა „ბარსელონასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო და მოვლენებს თვალს „იუვენტუსიც” ყურადღებით ადევნებსო. შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვეში” 2012-2016 წლებში თამაშობდა.
თუ გახსოვთ, პოგბას თემა აპრილშიც აქტუალური იყო — „მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა არ მალავდა, რომ თანაქალაქელებისგან ფრანგის გადაბირება უნდოდა, მაგრამ მაშინ „იუნაიტედმა” კატეგორიულად განაცხადა, რომ 25 წლის ნახევარმცველი არ იყიდება და მას მერე აგერ, შუა ზაფხულამდე თემა დაიხურა.
შეუძლებელია არ გავიხსენოთ პოგბასა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის ჟოზე მოურინიუს რთული და ცვალებადი ურთიერთობაც. მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში, როდესაც ტელევიზიაში ექსპერტად მომუშავე პორტუგალიელს ჰკითხეს, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ პოგბა საფრანგეთის ნაკრებში ბრწყინავს, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში” ათასში ერთხელ თუ გამოიჩენს თავს, მან უპასუხა:
„არა მგონია, რომ აქ საკითხი მისგან მაქსიმუმის გამოწურვაზე იდგეს. აქ მთავარი ის არის, სად ითამაშებს თავად პოგბა მთელი გულით და სულით. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისნაირი ადამიანებისთვის სწორედ ის გარემოა, სადაც ისინი თავის გამოჩენას ახერხებენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ის ჩაკეტილია და ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე ფიქრის საშუალება არ აქვს. სეზონის განმავლობაში კი დიდ მატჩს უფრო უმნიშვნელო და მერე კიდევ უფრო უმნიშვნელო შეხვედრა მოსდევს, რის გამოც კონცენტრაციის დაკარგვა იოლია”.