ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტური კი არასრული გამოდგა. „ტორპედოს“ 9 აგვისტოს ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩი ელის ალბანურ „კუკესთან“ და „დილასთან“ შეხვედრაც ამად გადაიდო.
ამ ერთი თვის განმავლობაში რაღაც-რაღაცეები ჩვენს გუნდებშიც მოხდა. მაგალითად, ლოკომოტიველმა ლევან ყენიამ ხანგრძლივი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ რკინიგზელთა რიგებში სამი შეხვედრა ითამაშა და ევროპის ლიგის მონაწილე ლუქსემბურგულ „დუდელანჟს“ მიაშურა.
სამაგიეროდ ეროვნულ ლიგას ცნობილი სახეები უბრუნდებიან, მათე ვაწაძე „დინამოში“ ჩაირიცხა, 34 წლის გოგიტა გოგუა გორის „დილაში,“ ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე – „საბურთალოში.“
უფრო საინტერესო, ალბათ, მაინც მწვრთნელების ამბებია. ფოთის „კოლხეთი“ ტურის გვიან მატჩში „ჩიხურასთან“ (1:3) 62 წლის იტალიელმა რობერტო ლანდიმ გაიყვანა.

ეს ლანდი ერთობ უცნაური ბიოგრაფიის კაცია. თავის დროზე იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, მეკარე გახლდათ. მერე ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაშიც კი უბურთავია. ერთ ხანს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსაც ავარჯიშებდა, ლიბერიის ეროვნულ გუნდსაც კი წვრთნიდა. ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მეკარეთა მოძღვარი გახლდათ.
ლანდი წლეულს ფოთელთა მეოთხე დამრიგებელია. ზღვისპირელებს სეზონის დასაწყისში კონსტანტინ გალკინი თავკაცობდა, რომელიც ცუდი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს. მერე კოლხებს ასევე რუსი სპეციალისტი, ვიკტორ დემიდოვი ავარჯიშებდა. მეორე წრის ბოლოს ისიც გაათავისუფლეს და თავკაცად რევაზ ძოუაშვილი დანიშნეს, თუმცა… მხოლოდ 48 საათით. როგორც ცნობილი გახდა, ადგილობრივი გულშემატკივრები მისი მუშაობის წინააღმდეგი იყვნენ და კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. სხვათა შორის, ფოთელთა სპონსორი სამშენებლო კომპანია „ლიონ ბუილდინგ დეველოპმენტია.“
ლანდის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა, იტალიელი სპეციალისტი შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და ფოთელებს ელიტაში დარჩენას ჰპირდება.
კიდევ ორი მწვრთნელის შესახებ. „სიონში“ დებიუტი ჰქონდა თემურ შალამბერიძეს. ბოლოს ის “საბურთალოს” აკადემიას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი გორის “დილასა” და ქობულეთის “შუქურას”თავკაცობდა.
გია ცეცაძე კი სამტრედიელებმა თითქოს ევროთასებისთვის შეიგულეს, თუმცა ჯერჯერობით გუნდში რჩება და შესაძლოა, სეზონიც ჩაამთავრებინოს.
რაც შეეხება უშუალოდ ტურის შეხვედრებს. „საბურთალომ“ ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. „დინამომ“ ავსტრიაში წასული კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის გარეშე დაამარცხა გადახალისებული „რუსთავი.“
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე კი ნამდვილი თრილერი გათამაშდა „ლოკომოტივსა“ და „სამტრედიას“ შორის. რკინიგზელები ბოლო წუთამდე 2:1 იგებდნენ, მაგრამ უმცირესობაში მყოფმა სამტრედიელებმა (მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა მანამდე სტუმარ გიორგი ჯგერენაიას ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ეს მე-20 გაძევება გახლდათ სეზონში) გაათანაბრეს, თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა ოლეგ მამასახლისმა. იმერლებმა ერთობ გაიხარეს, თუმცა ორ წუთში მამია გავაშელიშვილმა ისევ დააწინაურა მასპინძლები. მამიას ერთი მანამდეც გაეტანა და ამ ტურში ერთადერთი დუბლის ავტორი აღმოჩნდა. სულ წლევანდელ ჩემპიონატში 22 დუბლია შესრულებული.
ამავე მატჩის მე-60 წუთზე სამტრედიელმა გიორგი გურულმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს კი მე-10 ავტოგოლია სეზონში.
19 ტური: დინამო 2:1 რუსთავი, ლოკომოტივი 3:2 სამტრედია, საბურთალო 3:0 სიონი, ჩიხურა 3:1 კოლხეთი, ტორპედო – დილა (გადაიდო)
20 ტური
10 აგვისტო: სამტრედია – სიონი
11 აგვისტო: კოლხეთი – საბურთალო
12 აგვისტო: ლოკომოტივი – დინამო, რუსთავი – ტორპედო, დილა – ჩიხურა
მეგოლეები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, გიორგი გაბედავა (ჩიხურა), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 10, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 9, ბუდუ ზივზივაზე (დინამო) – 8
სატურნირო ცხრილი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |