ხორვატმა თავდამსხმელმა ივან პერიშიჩმა სამშობლოში გაზეთ „სპორტსკე ნოვოსტის” მისცა ინტერვიუ. საუბარი შეეხო ხორვატიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს, რომელიც ამ ზაფხულიდან „ბაიერნის” თავკაცად დანიშნეს. პერიშიჩმა თქვა:
„თავის დროზე კოვაჩმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც ის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მე კარგად ვთამაშობდი. შემდეგ, როდესაც ორივენი გერმანიაში ვიყავით, ერთმანეთს ვურეკავდით და თითოეულ წარმატებას ვულოცავდით. ასე რომ, თუ „ბაიერნში” ვჭირდები, იცის სად მომძებნოს”.
აქვე 29 წლის ფორვარდმა თქვა, რომ „ინტერში” დარჩენა მისი ოცნება სულაც არ არის:
„შარშან „ინტერთან” ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ კლუბი 2010 წლის შედეგებს ვერა და ვერ იმეორებს. არის მრავალი პრობლემა, არასწორი გადაწყვეტილებები. და მაინც, თუკი სხვაგან გადავალ, ეს მხოლოდ რომელიმე ტოპ-ლიგის წამყვანი კლუბი იქნება”.
„შპორტ ბილდი” წერს, რომ „ბაიერნი” პერიშიჩის მიმართ წესით გულგრილი არ უნდა იყოს, მითუფრო, რომ მწვრთნელი ხორვატი ჰყავს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამბობს: „მე არც ინგლისში ან ესპანეთში თამაშზე ვიტყოდი უარს”.
ცნობილია, რომ პერიშიჩის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა. პერიშიჩის პოზიცია ასეთია: „გამიგია, რომ რამდენიმე კლუბი ჩემი შეძენით არის დაინტერესებული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა „ინტერს” უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ მერე გადავწყვიტო რას გავაკეთებ”.
თუმცა, ამ ეტაპზე პერიშიჩის პრემიერლიგაში გადასვლა ტყუილს ჰგავს, რადგან ინგლისში სატრანსფერო სეზონი 9 აგვისტოს იხურება. ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ თუ ხორვატი თავდამსხმელი „ინტერიდან” წავა, ესპანეთის რომელიმე კლუბს ან „ბაიერნს” მიაშურებს.
გერმანია ივან პერიშიჩისთვის ნაცნობი ქვეყანაა. 2011-13 წლებში ის „დორტმუნდში” თამაშობდა, 2013-15 წლებში კი „ვილფსბურგში”.