„ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბაიერნისგან” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი შეიძინა. კონტრაქტი სამწლიანია. ვიდალი 31 წლისაა ანუ თუ რამე არ შეიცვალა „ბარსაში” თამაშს თავს 34 წლისა დაანებებს.

ოფიციალურ განცხადებაში „ბლაუგრანამ” დაადასტურა, რომ როგორც გერმანულ კლუბთან ასევე საკუთრივ ფეხბურთელთან ყველაფერი მოგვარებულია.

„ერთადერთი, რაც დარჩა, უახლოეს დღეებში „ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმების გავლაა. როგორც კი არტურო ვიდალი ბარსელონაში ჩამოვა, მის პრეზენტაციას მოვაწყობთ” — წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ვიდალის „ბარსაში” გადასვლაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი.