ტიბო კურტუას აგენტმა „ჩელსის” სთხოვა, საქმის გაჭიანურებას შეეშვას და ბელგიელ მეკარეს ნება დართოს მისთვის საოცნებო მადრიდში გადაბარგდეს. მოგეხსენებათ, რომ კურტუას ფასი დაახლოებით 40 მილიონი გირვანქაა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი კი არ მალავს, რომ „რეალში” უნდა გადასვლა, მაგრამ დასავლეთ ლონდონელები ფეხს ითრევენ.

კურტუას ლტოლვა მადრიდისკენ მხოლოდ ფეხბურთით არ არის განპირობებული. მისი ორი შვილი მადრიდში იზრდება და ბელგიელს მათთან ახლოს უნდა ყოფნა. „ჩელსის” ინტერესი კი ნათელია — კლუბს სურს მის კარს ძლიერი მეკარე იცავდეს.

არის ერთი საკითხიც: კურტუასა და „ჩესლის” კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუდის ანუ შეიძლება მეკარემ გაისად ამ დროს ქუდი დაიხუროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობოს „სტემფორდ ბრიჯს”. ასე რომ, თუ ფული უნდა, „ჩელსისთვის” სჯობს ფეხბურთელი ახლავე გაყიდოს.

კურტუას აგენტმა კრისტოფ ენროტემ თქვა: „ყველგან ერთსა და იმავეს ვკითხულობ, თითქოს ამ საქმეში ბოლო სიტყვა ტიბოს ეკუთვნის, მან კი რა ხანია „ჩელსის” ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მადრიდში გადასვლა სურს. ეს მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახთან ახლოს უნდა ყოფნა ასე რომ, საბოლოო სიტყვა კურტუაზე კი არა, კლუბზეა”.

დასავლეთ ლონდონელთა ახალმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გუშინ თქვა, დღესაც არ ვიცი რა მოხდებაო.

„წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება. ამწუთას ტიბო კურტუა „ჩელსის” მეკარეა, მომავალი კი დამოკიდებულია კლუბსა და მასზე. ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან დარჩება”, — თქვა სარიმ.

ცხადია, ინგლისურ კლუბს ბელგიელისთვის ხელფასის გაზრდასა და ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულების შეთავაზებაზე ჰქონდა ნაფიქრი, მაგრამ გაირკვა, რომ „რეალი” კურტუას მის დღევანდელ გასამრჯელოზე, კვირაში 100 000 გირვანქაზე გაცილებით მეტს გადაუხდის. ანუ ხელფასით „ჩელსი” „რეალს” კონკურენციას ვერ უწევს.

„ლურჯების” გულშემატკივართა ნაწილი მეკარეზე გაბრაზდა — ფულს ყველაფერზე მაღლა აყენებსო, მაგრამ აგენტმა კრისტოფ ენროტემ უპასუხა, რომ ჩელსის” სიყვარულით კურტუას არანაკლებ შემოთავაზებებზე უთქვამს უარი.

ამასობაში კი ტიბო კურტუას შვებულება დაუმთავრდა და ორშაბათს ვარჯიშზე უნდა მივიდეს.

 

წილი
წინა სტატიაყალბი ინიესტა!
შემდეგი სტატიავიდალი ბარსელონელია!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...