გლაზგოში, „რეინჯერსისა” და „ოსიეკის” შეხვედრის წინ „იბროქს პარკის” მისადგომებთან დიდი ჩხუბი ატყდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ეს ევროლიგის მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მოხდა. შეხვედრა დასრულდა 1:1.
ახლომახლო ქუჩებზე განლაგებულმა ვიდეოკამერებმა ჩხუბის შემაშფოთებელი სცენები დააფიქსირეს. თვითმხილველნი ამბობდნენ, რომ პოლიციამ ვითარების გასაკონტროლებლად ვერტმფრენიც კი გამოიყენა. რამდენიმე ადგილას წესრიგის მცველებმა მინივენებით გზა გადაკეტეს.
მუშაობდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. იტყობინებიან საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების შესახებ. ოფიციალური მონაცემებით ორი, 24 და 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გლაზგოს პოლიციამ გამოიება დაიწყო. საჯაროდ გამოაცხადეს ტელეფონის ნომრები, რომლებზეც თვითმხილველებს შეუძლიათ დარეკონ და გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდონ. უბნის მაცხოვრებლები ქაოსის პარალელურად ინტერნეტში დებდნენ კადრებსა და კომენტარებს.
შოტლანდიაში შეშფოთებულები არიან, რომ გუშინდელ არეულობას რამდენიმე დღის წინ უძღოდა „რეინჯერსისა” და „უიგანის” ამხანაგური მატჩის დროს მომხდარი ჩხუბი ბოთლების სროლითა და ხელთ მოხვედრილი მაგიდების ამოყირავებით.
საინტერესოა, რომ მომხდარში „უიგანის” კლუბის ხელმძღვანელებმა „ჩელსის” ფანები დაადანაშაულეს.