ხუმრობა არ გეგონოთ. ანდრეს ინიესტა ტრავმირებულია და იაპონურ „ვისელ კობეში“ ზედიზედ მეორე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
არადა, „ტოკიოსთან“ გასვლით მატჩზე 50-ათასივე ბილეთი გაყიდულია და ყველას ესპანელი სუპერვარსკვლავის ხილვა სურს.
გამოსავალი მოინახა: ინიესტას ტოკიოში ორეული – ვინმე იამ ნოდა შეცვლის. ბუნებრივია, მოედანზე არავინ შეუშვებს, მაგრამ ქომაგების წინაშე კი წარსდგება. ჰოდა, დგას ახლა ეს ჩვენი ნოდა და ზეგინდელი მატჩის წინ ინიესტას ბიოგრაფიას იზუთხავს.
სიმართლე გითხრათ, მთლად დამაჯერებელი მსგავსება ვერ ვიპოვე, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყნელები ირწმუნებიან, ტყუპისცალივით ჰგავსო. მეტი დამაჯერებლობისთვის უწვერულ ნოდას ყბებზე მაკიაჟიც კი გაუკეთეს.
დაველოდოთ 5 აგვისტოს. ეგებ არც გალახონ მოტყუებულმა ქომაგებმა…