რამდენიმე დღეა ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ „ბარსელონა” ჩილელ არტურო ვიდალს შეიძენს. აქამდე ამბობდნენ, რომ 31 წლის ნახევარმცველი „ინტერში” გადასვლასთან იყო ახლოს.

ესპანური „მარკა” ამტკიცებს, რომ ვიდალის შეძენით ერნესტო ვალვერდეს გუნდი მხოლოდ მოიგებს და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ხუთი არგუმენტი მოჰყავს. ვფიქრობთ, ეს არგუმენტები „სარბიელის” მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

პაულინიუს მსგავსი

ყველაზე თვალშისაცემი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ვიდალს შეუძლია იმ ფუნქციის შესრულება, რომელიც ბრაზილიელ პაულინიუს ჰქონდა დაკისრებული. პაულინიუ გასულ სეზონში ვალვერდეს გუნდში ერთ-ერთი გამორჩევით სასარგებლო ფეხბურთელი გახლდათ და საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ზაფხულს ის კლუბმა მწვრთნელის სურვილის წინააღმდეგ, კომერციული მოსაზრებით გაყიდა. ვიდალის შეძენით ერნესტო ვალვერდე გუნდს იმ თვისებებს შეუნარჩუნებს, რომლებიც პაულინიუს წყალობით ჰქონდა.

ზურგის ქარი

არტურო ვიდალი ის ნახევარმცველია, რომელსაც შეუძლია მოედანზე საოცრად დიდი ფართობი დაფაროს, ბევრი ირბინოს და დიდძალი სამუშაო გაწიოს. „მარკას” აზრით ასეთი მოთამაშე ივან რაკიტიჩისა და სერხიო ბუსკეტსისთვის ნამდვილი დამხმარე და ზურგის ქარი იქნება — მისი მხარდაჭრით ხსენებული ორი ფეხბურთელი თავის საუკეთესო თვისებებს გამომაჟღავნებს.

თავურები

ვიდალი თავით კარგად თამაშობს. მას შეუძლია ამ კომპონენტში ერთნაირად ეფექტური იყოს როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში, რაც ვალვერდეს მთელ რიგ შესაძლებლობებსა და ვარიანტებს შეჰმატებს.

ლიდერი და ხასიათი

ის რომ ვიდალს შეუძლია გუნდს გაუძღვეს და მეგობრები აიყოლიოს, როგორც ჩილეს ნაკრებში ასევე „ლევერკუზენში”, „იუვენტუსსა” და „ბაიერნში” მრავალჯერ დამტკიცებულა. მას შეუძლია შეუძახოს თანაგუნდელებს, გაამხნეოს ისინი და პირადი მაგალითი აჩვენოს.

გამოცდილება და მყისიერი ეფექტი

ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ გუნდის ახალწვეულს გარემოსთან შესაგუებლად დრო სჭირდება. ვიდალი წესით პირდაპირ უნდა ჩაერთოს საქმეში. მას ეს ადრეც გაუკეთებია და თან ევროპის წამყვან გუნდებში.