კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლამ შემადგენლობაში მოსალოდნელი და იძულებითი ცვლილებები გამოიწვია. შედეგად, ერთ-ერთი მთავარი კაცი, არგენტინელი ცენტრფორვარდი გონსალო იგუაინი „მილანში“ ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა და ამიერიდან „როსონერისთვის“ გაიტანს.
სამაგიეროდ, „იუვეს“ მილანიდან ოდინდელი დაცვის ბურჯი – ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა. ბონუჩი მილანამდე ტურინულ კლუბში შვიდი წლის განმავლობაში ირჯებოდა, ექვსჯერ მოიგო სკუდეტო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
ისე გამოვიდა, რომ იგუაინის ტრანსფერის ფონზე, ბონუჩი ახალგაზრდა მატია კალდარაში გაცვალეს. ბონუჩი „იუვეს“ ხუთი წლით დაუკავშირდა, კლუბებმა კი ამ გარიგებაში 35 მილიონი ევრო დახარჯეს.
ცხადია, იგუაინის გაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მაღალი ხელფასი გახლდათ. „იუვეს“ პრეზიდენტი ანდრე ანიელი პრაქტიკული კაცია და თავიდანვე იცოდა, რომ რონალდუს ყიდვას, რამდენიმე ლიდერის გაყიდვა მოჰყვებოდა, სხვაგვარად სუპერპორტუგალიელისთვის მას ჯამაგირის ფული არ ეყოფოდა. თავიდან თითქოს პაოლო დიბალას „ლივერპულში“ გაყიდვაზეც იყო საუბარი, მაგრამ არგენტინელი „იუვეში“ დარჩა და კრიშტიანუსთან ერთად ეცდება მწვერვალების დაპყრობას.
იგუაინმა ხუთშაბათს მილანში, კიდევ ერთ ყოფილ იუვენტუსელ, ზემოთხსენებულ მატია კალდარასთან ერთად გაიარა სამედიცინო შემოწმება და სასტუმროდან ახალი კლუბის მაისურით გამოწყობილი გავიდა ასობით ქომაგთან შესახვედრად.
„მილანი“ იგუაინისთვის მეხუთე კლუბი იქნება კარიერაში „რივერ პლეიტის“, მადრიდის „რეალის“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შემდეგ.
ბოლო დროს ის არ არის საუკეთესო ფორმაში. ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში 3 მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუტანია. თუმცა, არავინ დაობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც „რეალში“ ერთად თამაშის დროს სეზონის განმავლობაში რონალდუზე მეტი გოლი გაუტანია. ის არა მარტო შემტევი, არამედ შესანიშნავი გუნდური მოთამაშეცაა, ხშირად ეხმარება მცველებს და ხისტ ორთაბრძოლებსაც არ გაურბის და შორიდან დარტყმებიც კარგად გამოსდის.
თუმცა, როგორც ჩანს, „მილანში“ მისი მთავარი ფუნქცია გოლების გატანა იქნება. ჯენარო გატუზოს კლასიკური გამტანი სჭირდებოდა და მიიღო კიდეც. შარშან „ახალმა ინძაგიმ“ პატრიკ კუტრონემ ჩინებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ნედლია და იგუაინის მსგავსი „მონსტრი“ პირდაპირ მისწრებაა გუნდისთვის.
მოგეხსენებათ, სულ რაღაც სამი კვირის წინათ, „მილანი“ ჩინელი ინვესტორებისგან 71 წლის იტალიელმა ბიზნესმენმა პაოლო სკარონიმ იყიდა, რომელსაც კლუბის ოდინდელი დიდების დაბრუნერბა ამოუჭრია გულში.
„ბოლო შეხვედრისას ვთქვით, რომ ახალი მეპატრონეები კლუბის ასაღორძინებლად ყველა ღონეს ვიხმარდით. გონსალოს ჩვენთან მოსვლა პირველი ნიშანია მომავალი აღორძინებისა. ბონუჩის წასვლა, მართალია, დიდი დანაკლისია, მაგრამ სამაგიეროდ დაცვის ცენტრში მოვიყვანეთ კალდარა, რომელიც 24 წლისაა და ძალიან დიდი მომავალი აქვს. მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში და დღეს ის უკვე „აძურის“ მთავარი გუნდის წევრია.“ – თქვა სკარონიმ იგუაინის წარდგენისას.
თავისი სიტყვა კლუბში დაბრუნებულმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომაც დაამატა: „ასეთი თავდამსხმელის შეძენა მართლაც ბედნიერებაა. კონკურენტუნარიან გუნდს ვაყალიბებთ და კალდარა-იგუაინის მოსვლა მართლაც დიდი მოვლენაა ჩენთვის.“
გონსალო იგუაინი: „ბედნიერი ვარ მილანში გადმოსვლით. ნეაპოლში თამაშისას მგონი მარტო მწვრთნელ სარის ვუყვარდი, აქ კი ყველასგან დიდ სითბოს ვგრძნობ. სწორედ ეს იყო ჩემი არჩევანის მთავარი მიზეზი.
ეს ახალი გამოწვევაა. როცა ლეონარდოს ველაპარაკე, მის თვალებში სიმართლე დავინახე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გატუზოსაც დიდ ხანს ვესაუბრე, თუმცა მისი შინაარსი მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება.“
ისე კი, ამ გარიგებით „იუვე“ მაინც წაგებული დარჩა. ორი წლის წინათ ანიელიმ იგუაინში 90 მილიონი ევრო გადაიხადა და მისი დიდად ეიმედებოდა. თუმცა, არგენტინელმა მაინც ვერ მისცა გუნდს ის, რისთვისაც დაუძახეს და ეს მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. იგუაინი რაღაც ადგილობრივი ბენზემას ვარიანტს დაემსგავსა. ახლა კი სურვილის წინააღმდეგ, მილანში გაუშვეს.
არადა, მას კიდევ შეუძლია რამდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე ითამაშოს. საინტერესოა, „მილანში“ როგორ გამოიჩენს თავს.