ერთი ხანია ჟოზე მოურინიუს გვარ-სახელი ინგლისური გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. იწერებოდა მისი უკმაყოფილო კომენტარები „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფების სატრანსფერო პასიურობის გამო; ამბობდნენ, რომ „განსაკუთრებულმა” მეორე შვილის დაბადებაზე დასასწრებად ამერიკის შეკრებიდან პარიზში გაქცეულ და დაგვიანებულ ანტონი მარსიალს ხელფასი დაუქვითა; ჭორაობდნენ, რომ მოურინიუს უხასიათობას ფეხბურთელები კარგად ამჩნევდნენ და ზურგსუკან მის წინააღმდეგ ბუტბუტებდნენ რაღაცას, მაგრამ როგორც ჩანს ყველა ერთ ჭკუაზე არ არის. მაგალითად, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ 55 წლის პორტუგალიელი დაიცვა.

„მე მის შესახებ სრულიად განსხვავებული შეხედულება მაქვს, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა „ბიზნეს ინსაიდერთან” ინტერვიუში, — ის მაგარი ტიპია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ფულს წაგებაში არავინ გვიხდის. ჩვენ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. როდესაც ვმარცხდებით, ვბრაზდებით, ვღიზიანდებით. მოურინიუს გუნდში ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა. ჟოზე ის პიროვნებაა, რომელიც როდესაც სიბრაზეს ვერ მალავს.

ვფიქრობ, ასეთი ქცევა ნორმალურია. ეს დასაფასებელიცაა, რადგან მოურინიუ არის მწვრთნელი, რომელსაც სულ მოგება უნდა. და თუ ასეთი ხასიათის ადამიანთან ურთიერთობა გიჭირთ, კითხვებით მაინც არ უნდა მოაბეზროთ თავი. ჟოზე კარგი იმიჯის გამო თავის განწყობას და სიმართლეს არ დამალავს”.

რომელუ ლუკაკუ პორტუგალიელის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედამდე” „ჩელსიში” თამაშობდა. ის მოურინიუს ერთგული ფეხბურთელია. ამ ზაფხულს, ლუკაკუმ მწვრთნელის თხოვნით შვებულებაც კი მოიკლო და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” ადრე შეუერთდა.

ლუკაკუსა და მოურინიუს ურთიერთობა ფეხბურთის მოედანს სცილდება. ბელგიელი ამბობს:

„ჩვენ ხშირად ვხუმრობთ. ის ხანდახან რჩევას ან რაიმე სასაცილო ვიდეოს მიგზავნის. ჟოზე მეოჯახე კაცია. მე მას მხოლოდ დადებითი მხრიდან ვიცნობ და მინდა ყველამ იცოდეს: ლუკაკუ ყოველთვის მხარში ედგება თავის მწვრთნელს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისი ხელმძღვანელობით თამაში დიდი სიამოვნებაა”.