ამბობენ, თითქოს მატეო კოვაჩიჩს უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი ფეხი არ იქნება, ჟოზე მოურინიუსთან ვერ გავჩერდებიო. არადა ფაქტია, რომ 24 წლის ხორვატი ნახევარმცველი „რეალიდან” წასვლაზე ფიქრობს, რადგან მადრიდში იშვიათად ათამაშებენ, მას კი პრაქტიკა და რეგულარულად თამაში სჭირდება.

„იუნაიტედმა” „თეთრებს” კოვაჩიჩის სანაცვლოდ 53 მილიონი გირვანქა შესთავაზა.

ასახელებენ კოვაჩიჩის უარის მეორე მიზეზს: თითქოს ხორვატს მანჩესტერული გუნდი მოურინიუსთან პიროვნული უთანხმოების კი არა, თამაშის სტილის გამო დაუწუნია — ასეთი ფეხბურთი საჩემო არ არისო.

აქამდე კოვაჩიჩი როგორც „რეალში” ასევე ხორვატიის ნაკრებში ისეთ ნახევარმცველად განიხილებოდა, რომელსაც ეფექტურად შეუძლია შეცვლაზე შესვლა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან „ინტერის” წევრ მარსელო ბროჟოვიჩთან წააგო შიდახორვატული კონკურენცია — სასტარტოში ბროჟოვიჩს ათამაშებდნენ.

კოვაჩიჩისთვის კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი „ბაიერნში” გადასვლაა. „ბაიერნს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შედარებით ის უპირატესობაც აქვს, რომ ინგლისში სატრანსფერო ბაზარი 9 აგვისტოს იხურება, ხოლო გერმანიაში, ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, ფეხბურთელებით ვაჭრობა სექტემბრამდე ნებადართულია.

ბარემ აქვე „იუნაიტედზეც” მოგახსენებთ და გავიმეორებთ ბევრჯერ ნათქვამს, რომ ჟოზე მოურინიუს ზაფხულის დასაწყისში „მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობისთვის ხუთი ფეხბურთელის სია ჰქონდა ჩამოწერილი, მაგრამ შეფებმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. „განსაკუთრებულს” ყველაზე მეტად ლესტერელი ჰარი მაგუაირის გადაბირება სურდა, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა.

ბოლო დღეებში დაიწერა, რომ „წითელი ეშმაკები” „ბარსელონას” კოლუმბიელი მოთამაშის იერი მინას ყიდვას აპირებენ და ინგლისური კლუბის წარმომადგენლები უკვე გადაფრინდნენ ესპანეთში მოლაპარაკებებისთვის. მინა 23 წლისაა. ითქვა, რომ მოურინიუ ამ ტრანსფერზე ყაბულსაა.