ალექსანდრ ლაკაზეტმა კრიტიკოსებს უპასუხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩემი კონკურენტი კი არა, მეგობარიაო. ფრანგი თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით ის და ობამეიანგი ერთად შესანიშნავად შეძლებენ თამაშს.
ლაკაზეტი „არსენალში” ერთიწლის წინ „ლიონიდან” 46,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და შედგა თუ არა ახალ გუნდში მოედანზე ფეხი, 3 წუთში გოლი შეაგდო. „მეთოფეთა” შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 15 შეხვედრაში ლაკაზეტმა 8 გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ მუხლი იტკინა და კალაპოტიდან ამოვარდა — მომდევნო 13 შეხვედრაში მარტო ერთხელ მოახერხა გოლის შეგდება.
ლაკაზეტის გაჭირვების შემყურე „არსენალი” იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გავიდა და სარეკორდო 56 მილიონ გირვანქად „დორტმუნდისგან” ობამეიანგი შეიძინა.
ობამეიანგის გამოჩენამ უამრავი ჭორი ააგორა. ითქვა, რომ ამით „ემირეიტზე” ლაკაზეტის კარიერა დასრულებულია. ამას განსაკუთრებით იმ დღეს იმეორებდნენ, როდესაც ობამეიანგმა „არსენალის” შემადგენლობაში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა და მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ლაკაზეტი სათადარიგოთა სკამზე დასვეს.
დღეს 27 წლის ლაკაზეტი ამბობს, რომ ობამეიანგი კონკურენტად არასდროს მიუჩნევია.
„არასდროს მითქვამს, რომ ობამეიანგი ჩემი მოქიშპეა და მისი „არსენალში” გამოჩენა ჩემთვის ცუდია. ეს ხალხმა და პრესამ მოიგონა. პირიქით, მიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ მასთან ერთად თამაშს შევძლებდი”.
ლაკაზეტი და ობემაიანგი მოედნის მიღმა ჩინებული მეგობრები არიან.
ლაკაზეტი ამბობს: „თუ ადამიენები მოედანს მიღმა კარგი მეგობრები არიან, ისინი მოედანზეც უფრო იოლად გაუგებენ ერთმანეთს”.
ფრანგმა გასულ სეზონში „არსენალის” სახელით სულ 17 გოლი გაიტანა, რომელთაგან 14 პრემიერლიგის თამაშებში შეაგდო.
ლაკაზეტი განაგრძობს: „არ მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე. მე ზუსტად ვიცი, რომ თუ „არსენალში” დავრჩები, კლუბიც კმაყოფილი იქნება და ჩემს თანაგუნდელებსაც გაუხარდებათ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
გასული სეზონი დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა. რასაკვირველია, როდესაც გოლი ვერ გამქონდა, ცუდ გუნებაზე ვდგებოდი, მაგრამ ახლა სხვა დროა. ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი პირველი სეზონი იყო და საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრადაც არ უნდა მოვთხოვო. რაც მოხდა, მოხდა. გაკვეთილი მივიღე და ახლა სიხარულით ველი ახალ სეზონს”.
ფრანგმა ფორვარდმა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც ილაპარაკა. ლაკაზეტმა აღიარა, რომ როდესაც დიდიე დეშამმა მონდიალზე არ წაიყვანა, მან განიცადა, მაგრამ შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას წყენა დაავიწყდა და ჩვეულებრივ გულშემატკივრად იქცა.
„დღემდე მიხარია, რადგან საფრანგეთი ჩემი ქვეყანაა. რასაკვირველია, თავიდან ნირწამხდარი ვიყავი, მეც ნაკრებში მინდოდა ყოფნა, მაგრამ მერე, როდესაც ჩემი მეგობრები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ძალიან გავიხარე!”