ამ ზაფხულს ვილიანზე მხოლოდ ერთს ამბობდნენ, „ჩელსიდან” წავაო. ბრაზილიელს ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელზე თვალი ეჭირა „ბარსელონასაც”. ამ საკითხზე დასავლეთ ლონდონელთა ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის „არსენალთან” შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის ორმა გუნდმა ეგრეთწოდებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, 1:1 ითამაშა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი „არსენალმა” გაიმარჯვა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის მე-15 წუთზე „ჩელსის” ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი და ამაზე ერთი ამბავია ატეხილი.
მაგრამ დავუბრუნდეთ ვილიანს. სარიმ თქვა: „ამწუთას ვერაფერს გეტყვით. ფეხბურთელებს ნაღდ საქმეში პირველად შემდეგ შაბათს ვნახავ (11 აგვისტოს „ჩელსი” პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად „ჰადერსფილდს” ხვდება). დღეისათვის არავის შესახებ არანაირი ახალი ამბავი არ ვიცი”.
შემდეგ, სარიმ თქვა, რომ მას ვილიანის გუნდში დატოვება უნდა, რადგან მიაჩნია, რომ ის ედენ აზართან და ტიბო კურტუასთან ერთად „ჩელსის” საკვანძო ფეხბურთელია.
„რასაკვირველია, ჩვენ ტოპ-ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ. ყველა გუნდს უნდა, რომ თავისი საუკეთესო მოთამაშეები შეინარჩუნოს. მე ვილიანს ჯერ უნდა შევხვდე, დაველაპარაკო და მერე გავარკვიო რა ხდება. დღევანდელი სიტუაცია არ მომწონს”, — განმარტა იტალიელმა მწვრთნელმა.
ვილიანთან დაკავშირებით დამატებითი პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელი არდადეგების შემდეგ კლუბში გასულ პარასკევს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ პასპორტთან დაკავშირებული გაუგებრობა მოიმიზეზა და შეყოვნდა. როგორც ჩანს, პასპორტის ამბისა არავის სჯერა. ყველას უფრო ჰგონია, რომ ბრაზილიელი სატრანსფერო ვარიანტებს უსინჯავდა კბილებს. საპასპორტო ისტორია, კი ის არის, რომ თურმე ვილიანმა უცებ აღმოაჩინა, რომ საბუთში ვიზისა და ბეჭდის ჩასარტყმელი ადგილი აღარ არის და სამი დღით დარჩენა მოუხდა — ვითომ, ახალი პასპორტი გაუხდა გამოსატანი. შეიძლება ასეც იყო.
პრემიერლიგის დაწყებამდე კი, კვირას, 5 აგვისტოს „ჩელსი” ეგრეთწოდებულ ქომუნითი შილდზე „მანჩესტერ სიტის” ხვდება. ეს ინგლისის სუპერთასის მატჩი გახლავთ. სარი ამბობს, რომ ამ შეხვედრაში „ჩელსის” სასტარტო შემადგენლობა ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რაც „არსენალთან” შეხვედრაში ვიხილეთ.
ბოლოს კი მორატასა და მის მიერ აცილებულ პენალტზე: „ვერ გეტყვით, პენალტის ვერ გატანა მისი თვითრწმენის დაქვეითების ბრალია თუ მიზეზი სხვაა. იქნებ, ბოლო სამი დღის ინტენსიურმა ვარჯიშმა დაღალა. ასეა თუ ისე, მორატას გამო არ ვნერვიულობ”, — თქვა მაურიციო სარიმ.