რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა.

პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს.

წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა: „მოედანზე ჩვენი საქმე ცუდად მიდის”.

ბენიტესს ჰკითხეს, კერძოდ რა მიდის ცუდადო. მან უპასუხა: „ყველაფერი”.

შემდეგ ესპანელმა განაგრძო: „მე ვღელავ, ფანები შფოთავენ და ეს ლოგიკურია. ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ. არც მოედანზე ვიქცევით სწორედ და არც მოედანს მიღმა. დღევანდელი წაგება ყველასთვის განგაშისა და გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს. ჩვენი ფანები ჭკვიანი ხალხია. ისინი კარგად ხვდებიან, რაც ხდება”.

გადავხედოთ „ნიუკასლ იუნაიტედის” საზაფხულო ტრანსფერებს. ამ ორ თვეში კლუბმა მუდმივი კონტრაქტი გაუფორმა სლოვაკ მეკარე მარტინ დუბრავკას, რომლებიც იჯარის წესით ჰყავდა და „დეპორტივოსგან” შეიძინა შვეიცარიელი ფაბიან შარი — ეს ორი ფეხბურთელი 6 მილიონი გირვანქა დაუჯდა. „ჩელსისგან” იჯარით გადაიყვანა ბრაზილიელი კენედი და იაპონელი იოშინორი მუტოს ყიდვას რამდენიმე ქაღალდის გაფორმებაღა აკლია.

სავარაუდოდ, ასეთი ტრანსფერები გუნდს, რომელსაც პრემიერლიგაში დაწინაურება თუ არა, ფეხის მტკიცედ მოკიდება მაინც უნდა, არ უნდა აკმაყოფილებდეს და ეს „ბრაგასთან” 0:4-ის წაგებამაც დაადასტურა.

ბენიტესს ჰკითხეს, უნდა ელოდონ თუ არა ფანები ახალ ტრანსფერებს, რაზეც მან უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს. მე ვამბობდი, რომ სამი ან ოთხი ფეხბურთელი გვჭირდება. თქვენ გგონიათ, მე იმ ოპტიმისტებს განვეკუთვნები, რომლებსაც შეიძლება სჯეროდეთ, რომ დარჩენილ ათ დღეში ჩვენ იმ სამუშაოს შევასრულებთ, რომელიც ორი თვის განმავლობაში ვერ დავძლიეთ? რასაკვირველია, ასე არ არის. მაგრამ მე ისევ ვიმეორებ: „ნიუკასლს” ახალი ფეხბურთელები, გაძლიერდება სჭირდება”.