წერილის სათაური ნასესხებია “ტურ დე ფრანსის” ოფიციალური ვებგვერდიდან და წლევანდელი ტურის გამარჯვებულს, ანუ წლის საუკეთესო ველომრბოლს, გერენტ ტომასს ეხება.
ტომასი პირველი უელსელი და მესამე ბრიტანელია, ვინც პლანეტის ყველაზე ელიტარული რბოლა მოიგო. ეს გადასარევი წარმატება ბრიტანელს 32 წლის ასაკში ჩამოუვარდა ციდან, უფრო ზუსტად, მისი სიუჯიუტეში გადასული შეუპოვრობის და მიზანმიმართულობის შედეგია. დიდხანს იდგა ტომასი ჯერ სხვათა კუდში, შემდეგ კი ჩრდილში, მაგრამ ნირი არ უცვლია და აჰა ზეიმიც.
“2007 წლის ტანჯვას რა დამავიწყებს – ამბობს ტურის ბედნიერი ტრიუმფატორი – მაშინდელ ტურზე ბოლოდან მეორე ვიყავი და ცხადად მახსოვს, რომ წინ ერთი მრბოლიც არ ჩანდა, პოლიციის მოტოციკლიღა მაცილებდა ფინიშამდე”. მიღებულმა ალიყურმა უელსელი გამოაცოცხლა და წარმატება წარმატებას მოაყოლა: 2008-დან 2012 წლამდე ტომასმა მსოფლიო ჩემპიონატების სამი და ორიც ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვა, რასაც მოაყოლა სხვადასხვა პროფესიონალური ერთ- და მრავალდღიანი ველორბოლები მთელს დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მთავარი სამიზნე ტომასის გაქანების მრბოლისა ხომ სამში ერთი ერთი ელიტარული შეჯიბრის მოგებაა და ამ მხრივ კი 2010 წლიდან უმაღლესი რანგის გუნდ “სქაიში” მრბოლი ტომასი სხვა გიგანტების (ბრედლი უიგინსი, კრის ფრუმი) სამსახურში დააყენეს. არ გატყდა კელტების შთამომავალი, მოითმინა და მოიგო. ყვითელი მაისურით დაიწყო ტურის დასკვნითი, 21-ე ეტაპი და გამარჯვებულის რანგში გადალახა ელისეს მინდვრებზე მოწყობილი ფინიში.

ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები
საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | დრო |
---|---|---|---|
გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 83h 17' 13'' |
ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | + 01' 51'' |
კრის ფრუმი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | + 02' 24'' |
პრიმოჟ როგლიჩი | სლოვენია | ლოტო | + 03' 22'' |
სტივენ კრუისვიკი | ჰოლანდია | ლოტო | + 06' 08'' |
სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
---|---|---|---|
პეტერ საგანი | სლოვაკეთი | ბორა | 477 |
ალექსანდერ კრისტოფი | ნორვეგია | ემირატები | 246 |
არნო დემარი | საფრანგეთი | გრუპამა | 203 |
ჯონ დეგენკოლბი | გერმანია | ტრეკი | 178 |
ჟულიენ ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 143 |
მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
---|---|---|---|
ჟულიან ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 170 |
უორენ ბარგილი | საფრანგეთი | ფორტუნეო | 91 |
რაფაელ მაიკა | პოლონეთი | ბორა | 76 |
გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 74 |
ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | 63 |
გუნდური ჩათვლა
გუნდი | დრო |
---|---|
მოვისტარი | 250h 24' 53'' |
მერიდა | + 12' 33'' |
სქაი | + 31' 14'' |
ლოტო | + 47' 24'' |
ასტანა | + 01h 15' 32'' |