„სანმა” შეიტყო, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს გაუშვებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი სამსახურს ზინედინ ზიდანს შესთავაზებს.

მოურინიუს შესაძლო გაშვებაზე ამ ბოლო დროს ინტენსიურად ალაპარაკდნენ. გუნდის ამერიკულ შეკრებაზე თავად პორტუგალიელიც ნირწამხდარი იყო. როგორც ამბობენ, ფეხბურთელებმა მიაქციეს კიდეც მწვრთნელის უხასიათობას ყურადღება და ეს მათ შორის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

მოურინიუს უგუნებობის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ მის მიერ ჩამოწერილი ხუთი ფეხბურთელიდან კლუბმა ერთიც კი არ უყიდა. არადა „განსაკუთრებულს” გაძლიერება და თანაქალაქელ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტისთან” კონკურენცია სურდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „სიტი” ჩემპიონი გახდა, „იუნაიტედი” კი მეორეზე გავიდა, მაგრამ საბოლოო ცხრილში მათ შორის სხვაობა 19 ქულა იყო.

ახალწვეულთაგან ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის შეუძლია ბრძოლა, ფრედია. მარჯვენა მცველი დიოგო დალოტი უფრო სამომავლო შენაძენია, მეკარე ლი გრანტი კი აშკარად თადარიგში უნდა იჯდეს.

ამერიკაში ყოფნისას მოურინიუმ „ლივერპულთან” 1:4 წაგების შემდეგ ისეთი რამ განაცხადა, რითაც კლუბში ბევრი გააღიზიანა — მაყურებლის ადგილზე მე ამ თამაშის სანახავად სტადიონზე არ მოვიდოდიო. ამერიკაში „იუნაიტედმა” მხოლოდ ერთი საკონტროლო თამაში მოიგო, ამ დილით „რეალთან”, 2:1.

ახლა იხსენებენ, რომ გასულ სეზონში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ მოურინიუმ დაიჩივლა, რომელუ ლუკაკუმ სასტარტო შემადგენლობაში თამაშზე უარი თავად თქვაო. ივნის-ივლისში კი, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში, პორტუგალიელი ერთ-ერთ რუსულ არხზე ექსპერტად მუშაობდა და ბელგია-საფრანგეთის ნახევარფინალური მატჩის კომენტირებისას ლუკაკუ გააკრიტიკა, არ აქტიურობს, იმალებაო.

მოურინიუს პოლ პოგბას ამბავსაც საყვედურობენ. ფრანგი ნახევარმცველი, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედს” 89 მილიონი გირვანქა აქვს გადახდილი, ნაკრებში კარგად თამაშობს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოირჩეოდა და „ლურჯების” ტრიუმფში დიდი წვლილიც შეიტანა, მაგრამ „იუნაიტედში” გაზეთის თქმით „დაარტყა-ააცილას” მეტს არაფერს აკეთებს.

არადა, მომავალ პარასკევს პრემიერლიგა იწყება და 55 წლის მოურინიუ გუნდს პირველ ტურში „ლესტერთან” სათამაშოდ ისე გაიყვანს, რომ მონდიალზე ბოლომდე დარჩენილ ფეხბურთელებთან არც კი უმუშავია. მოსამზადებელმა პერიოდმა მათ გარეშე ჩაიარა, ისინი შვებულებაში იყვნენ.

ცნობისთვის: 46 წლის ზიდანის სამსახურში ასაყვანად მანჩესტერელებს კაპიკი არ დაეხარჯებათ, რადგან „რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ მადრიდიდან წავიდა და ახლა უმუშევარია.