ექტორ ბელერინი ფიზიკურ სრულყოფილებაზე გადაირია. „არსენალის” 23 წლის განაპირა მცველი ამბობს, რომ შარშანდელს მერე, რაც ვეგანთა დიეტა დაიცვა, თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობს.

ბელერინის თქმით სულ უფრო მეტი პროფესიონალი სპორტსმენი ანებებს თავს ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჭამას. ვეგანური დიეტის დაცვაში ესპანელი ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც არიან ლუის ჰემილტონი, ვინუს უილიამსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერმან დეფო, დევიდ ჰეი და სხვები. მან თქვა:

„რაც უფრო მემატებოდა წლები, მით უფრო მეტად გადავდიოდი ჯანსაღ კვებაზე და ბოლოს იმ აზრამდე მივედი, რომ ხორცი საერთოდ არ უნდა ვჭამო. ვეგანობის შესახებ დღითიდღე მეტს ვიგებდი და ჭკუა სხვა ცნობილ სპორტსმენებს, მაგალითად დევიდ ჰეისაც დავეკითხე. შემდეგ, ვეგანურ მოძრაობაში გაერთიანებულ ბევრ სხვა ადამიანს დავუკავშირდი. საბოლოოდ კი, შარშან გადავწყვიტე, რომ დროა ცხოვრების წესი შევცვალო.

თავიდან მინდოდა ახალი დიეტა მხოლოდ სამი კვირით მეცადა, მაგრამ ორგანიზმის ისეთი გაჯანსაღება ვიგრძენი, რომ აღარ შევეშვი. მატჩების შემდეგ ძალების აღდგენა ერთიორად გაადვილდა. ადრე თუ ტრავმის მკურნალობას დიდხანს ვანდომებდი, ახლა პრობლემა მალე გვარდებოდა. აქედან გამომდინარე ვეგანობა ჩემზე კარგად მოქმედებს და რატომ უნდა ვთქვა უარი?

მშობლებს პირველად რომ ვუთხარი ვეგანი გავხდი მეთქი, ვერ გამიგეს, მაგრამ ამ ზაფხულს, როდესაც მათთან ერთად დიდი დრო გავატარე, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს და რაციონიდან ხორცი თავადაც შეზღუდეს. და საერთოდ, ხალხის უმეტესობა მას მერე, რაც ვეგანი ხდება თავს ბედნიერად გრძნობს”.

ახლა ბელერინი ცდილობს ვეგანური დიეტა სხვა თანაგუნდელებსაც დააცვევინოს. ესპანელი ზოგადად გამორჩეული ქცევის ადამიანია. მან სახელი გაითქვა როგორც მოდის დიდმა მიმდევარმა და ხშირად უცნაური ჩაცმულობით გამორჩეულმა ადამიანმა. რეგულარულად ვარჯიშობს იოგაში.

„იოგა „არსენალში” პერ მერტესაკერმა დანერგა და დღეს მას ყოველკვირეულად ექვსი თუ შვიდი ფეხბურთელი მისდევს”, — თქვა ბელერინმა.