6 სექტემბერს ყაზახეთი-საქართველოა. ფიქრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასკენ. ერთა ლიგის პირველი მატჩი იქ გველის და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა. ვის შეიძლება ველოდოთ ვლადიმირ ვაისის ნაკრებში?
იმ ახალწვეულებზე, ან „ძველწვეულებზე“ დავწერთ, რომლებმაც ამ ზაფხულს კარიერულად მოუმატეს – გუნდი შეიცვალეს და ეს წაადგათ, ან სადაც იყვნენ, იქ კარგად ათამაშდნენ.
იმ ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, რომლებსაც ვაისი არ იძახებდა. შესაძლოა, ვცდებით შეფასებებში, მაგრამ ვფიქრობთ, მათ შეუძლიათ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა.
სასიამოვნოა, რომ შვიდივეს კარიერული პროგრესი აქვს.
1. გიორგი არაბიძე – „შახტარის“ დუბლებიდან პორტუგალიის „ნასიონალში“ წავიდა, იქ კი სამ ამხანაგურ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ორი საჯარიმო, ერთიც ძალიან მაგარი გოლი შორიდან. ვაისს არაბიძე ადრეც ჰყავდა ნაკრებში, მერე აღარ იძახებდა, ახლა კი… რატომაც არა?! იმედია, მამის გარდაცვალება 20 წლის გარემარბს ფსიქოლოგიურად არ მოშლის.
2. ლაშა პარუნაშვილი – მისი „ესბიერგი“ დანიის მთავარ ლიგაში დაბრუნდა. ლაშამაც მშვენიერი გოლი გაიტანა „მიდტიულანდთან“ სუპერლიგის მატჩში. პარუნაშვილი ტექნიკური საყრდენია, კარგი შორეული დარტყმითა და ორიგინალური პასებით. გამოვლილი აქვს ყველა ასაკობრივი ნაკრები.
3. ავთო ებრალიძე – აშკარად მოუმატა პორტუგალიაში. პირველი ლიგის „აკადემიკადან“ უმაღლესის „შავეშში“ გადავიდა, ამხანაგურებში კარგად ითამაშა, გოლებიც გაიტანა, მათ შორის, „რიუ ავეს“ მეკარე გიორგი მაკარიძესაც აწყენინა. ადრე იყო ნაკრებში, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში. მერე მოუკლო, ახლა კი ისევ შევიდა ფორმაში. შემტევი ნახევარმცველია, მეტწილად ფლანგიდან.
4. ლევან კაკუბავა – „ჩიხურაში“ გამორჩეულია. აქ მარტო „ბეითართან“ გატანილ ლამაზ გოლს არ ვგულისხმობთ. ვნახეთ, როგორ თამაშობდა „მარიბორთან“, როგორ გადაჰქონდა ბურთი დაცვიდან შეტევაში. გამოცდილებაც აქვს.
5. გიორგი ქიმაძე – მართალია, „ტორპედოში“ გარემარბია, მაგრამ მისი პოზიცია მაინც მარცხენა მცველობაა. ამ პოზიციაზე კი გიორგი ნავალოვსკის გარდა, ფაქტობრივად, არ გვყავს სანაკრებო კაცი. ბოლო წლებია, ქიმაძე საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მარცხენა მცველია.
6. ლუკა ზარანდია – სტაბილურობა მისი მთავარი პრობლემაა. როცა ფორმაშია, ზარანდია შეუჩერებელია პოლონეთში. ხშირად ხელს უშლის ტრავმა, ეს აკარგვინებს ფორმას. ლუკა პოლონეთის „არკას“ ქომაგთა რჩეულია. ცაცია, ტიპიური მარჯვენა გარემარბი მაღალი სისწრაფითა და კარგი დარტყმით. მოკლედ, როგორ ფორმაში იქნება, ამას გააჩნია.
7. გიორგი მჭედლიშვილი – მისი გუნდი ხორვატიის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. მჭედლიშვილიც სულ თამაშობს. ოთარ კაკაბაძეს მარჯვენა მცველის პოზიციაზე სხვა რეალური შემცვლელი არც ჰყავს.