ოღონდ კი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდეს და „ლესტერ სიტი” მზად არის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს — კვირაში 95 000 გირვანქამდე გაუზარდოს.
ჟიოზე მოურინიუ მაგუაირის ყიდვას მეტისმეტად ეშურება, „მელიები” კი 60 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს ებღაუჭებიან, ცდილობენ ცოცხალი თავით არ გაუშვან.
„მანჩესტერ იუნაიტედში” პრობლემაა — მოურინიუს აღმასრულებელ შეფ ედ ვუდვორდთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ვინ იცის ლესტერიდან სასურველი მოთამაშის გადაყვანას ყველაზე მეტად სწორედ ეს უშლის ხელს.
25 წლის მაგუაირი აქამდე კვირაში 45 ათას გირვანქას იღებდა. მის გარშემო აურზაური მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ატყდა, სადაც ცენტრალურმა მცველმა ჩინებულად ითამაშა და მეოთხედფინალში შვედებს გოლიც გაუტანა.
„ლესტერმა” 194 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ერთი წლის წინ, 17 მილიონ გირვანქად „ჰალისგან” შეიძინა.
ამბობენ, რომ თავად მაგუაირს „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა ოცნებად აქვს ქცეული, მაგრამ მოვლენების დაჩქარებას ან არ ლამობს, ან ვერაფერს ხდება. „ლესტერს”, თავის მხრივ, რიად მაჰრეზის მაგალითი აქვს თვალწინ: მაჰრეზმა კლუბს ჯერ კიდევ შარშან მიუტანა წერილობითი თხოვნა სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ „კინგ პაუერ სტედიუმზე” კიდევ ერთი წლით მოუწია დარჩენამ და ამ ზაფხულს 60 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა. „ლესტერის” ტაილანდელი მეპატრონეები იოლად არც მაგუაიერს შეელევიან.
„მელიების” თავკაცი კლოდ პუელიც დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში მაგუაიერსაც შეინარჩუნებს და მეკარე კასპერ შმაიხელსაც, რომელმაც ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე გაითქვა სახელი. შაბათს, ამხანაგურ შეხვედრაში „უდინეზესთან” დამარცხების შემდეგ მან თქვა: „ვფიქრობ, ორივე მოთამაშე ჩვენთან დარჩება. ეს „ლესტერისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფეხბურთელების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. უკან ვერ დავიხევთ და ვერც ალტერნატიულ გამოსავალს მოვძებნით. ჩვენი სტრუქტურა და საკვანძო მოთამაშეები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ”.
ჰარი მაგუაირი კი ამასობაში მეგობარ გოგონასთან ფერნ ჰოუკინსთან ერთად ბარბადოსზე ისვენებს.