ლევერკუზენის „ბაიერის” 28 წლის გარემარბმა კარიმ ბელარაბიმ გუშინ, დილით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შუადღისას კი მან უკვე გუნდურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.

ბელარაბის ვარჯიშზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 24 ივლისს, „ვუპერტალთან” ამხანაგური შეხვედრის დროს მან გონება დაკარგა. მოთამაშემ ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახლა, გამოჯანმრთელებული იგონებს:

„იმ დღეს, დილიდან ცოტა სუსტად კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ სერიოზული ნიშანი, რომ რაიმე შეიძლებოდა მომსვლოდა, არ ყოფილა. შემდეგ, თამაშის დროს შემცვალეს და სათადარიგოთა სკამთან რომ მივედი, გონება დავკარგე. 20-30 წუთის განმავლობაში არ ვიცოდი რა ხდებოდა გარშემო. გონს გარკვეული დროის შემდეგ მოვეგე. საბედნიეროდ, ეს მზის დაკვრა აღმოჩნდა და მეტი არაფერი”.

„ბილდის” კითხვაზე დაზაფრა თუ არა მომხდარმა, ბელარაბიმ უპასუხა:

„რასაკვირველია. ასეთი რამ პირველად დამემართა. ყველა შეშინდა. ჩემი ოჯახი და მეგობრები მეტისმეტად ღელავდნენ. ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელს მოედანზე გონება დაუკარგავს და მერე საქმე ცუდად წასულა. ასე რომ, ბედნიერი ვარ ყველაფერი იოლად რომ მოგვარდა და უკვე გუნდს შევუერთდი.

ყველანაირი შემოწმების გავლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით საშური გახლდათ ტვინის და გულის ტესტირება. ექიმებმა ვერაფერი იპოვნეს. ახლა ჯანსაღად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

როდესაც საავადმყოფოში ვიწექი მომხდარზე ბევრს ვფიქრობდი. დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებმაც დაუყოვნებელი დახმარება გამიწიეს. ისინი მოედნის კიდესთანვე რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის რა მოხდებოდა”.

ლევერკუზენის მწვრთნელის ჰაიკო ჰერლიხის თქმით ბელარაბიმ კვირას, მექას „ალ ვაჰდასთან” უკვე უნდა ითამაშოს.