ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან” „ფულემში” უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა.

„გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის”, „ლევერკუზენის”, „ჩელსის”, „ვოლფსბურგის” და „დორტმუნდის” ყოფილმა მოთამაშემ „სქაი სპორტს” და დასძინა, — „ფულემი” ჩემი შეძენით ძალიან მოწადინებული ჩანდა. ვიგრძენი, რომ ამ კლუბში დიდ პატივს მცემდნენ და ამიტომ ვფიქრობ ეს ტრანსფერი ჩემთვის ძალიან კარგია”.

შურლე „დორტმუნდიდან” აუცილებლად უნდა წასულიყო. საქმე ის გახლავთ, რომ ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსნის ახალმა მწვრთნელმა, „ნიცადან” გადასულმა შვეიცარიელმა ლუსიენ ფავრმა და სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა 27 წლის შურლეს დაახლოებით ერთი კვირის წინ უთხრეს, რომ ის მათ გეგმებში არ შედიოდა და შეეძლო ახალი კლუბი მოეძებნა. შურლემ საქმეში აგენტი ჩართო და გასულ ოთხშაბათს მიაგნო კიდეც პრემიერლიგაში ახალაღზევებულ „ფულემს”. შურლე „კრეივენ კოტეჯზე” (რომელიც „ჩელსის” „სტემფორდ ბრიჯიდან” სულ რაღაც 3 კილომეტრშია) ორი წლით, იჯარის წესით გადაბარგდა.

„ერთი კვირა სრულდება რაც ვარჯიშს შევუდექი და ვიგრძენი, რომ სამუშაო მაქვს. ფიზიკური მომზადება მჭირდება. მინდა „ფულემში” თამაშისგან სიამოვნება მივიღო და როგორც ფეხბურთელმა მოვუმატო”, — თქვა გარემარბმა.

მისი დებიუტი ლონდონური კლუბის შემადგენლობაში დუისბურგის ტურნირზე შედგა. „ფულჰემმა” „ფიორენტინასთან” 0:0 ითამაშა, პენალტებში კი 8:9 წააგო. შურლემ ერთ-ერთი პენალტი გაიტანა.

როგორც მოგახსენეთ, ანდრე შურლე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისთვის ბრძოლა?

„ამ ეტაპზე ეს ჩემთვის პირველი რიგის ამოცანა არ არის, — უპასუხა ფეხბურთელმა, — მაგრამ, მე ჩემს საქმეს მივხედავ და მერე ვინ იცის რა მოხდება. ჯერჯერობით კი მთავარია საკუთარ თავზე ვიმუშაო და საკუთარი თამაშით სიამოვნება მივიღო. დანარჩენი თავისთავად მოვა”.