ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყუილი გორაობისა და ეგრეთწოდებული ყვინთვის გამო იმდენი აკრეტიკეს, რომ ბოლოს თავად აღიარა, ზედმეტი მომივიდაო. შეგახსენებთ, რომ დაუთვალეს: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მოედანზე ჯამში 14 წუთი იკოტრიალა. ნეიმარის თეატრალურმა ქცევამ ვიდეოთამაშების შემქმნელებსაც კი გაუხსნა გონება და მისი მიბაძვით ახალი გასართობები მოიგონეს.
ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ახალგამოსულ ვიდეორგოლში, უფრო სწორედ კი ბრაზილიაში გამოშვებულ „ჟილეტის” რეკლამაში სწორედ ამ კოტრიალის მიზეზებზე ლაპარაკობს. უპირველეს ყოვლისა ის, რასაკვირველია, თითს მოწინააღმდეგეებისკენ იშვერს და ამბობს, რომ მონდიალზე მასზე ნადირობდნენ, არადა მას ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და რეაბილიტაციის პროცესი ახალდამთავრებული.
ფრიად მხატვრულ ტექსტში ის ამბობს: „დარტყმა ხერხემალში. ფეხზე დაბიჯება. ალბათ, ფიქრობდით, რომ ვაფორმებდი და ზოგჯერ მართლაც ასე იყო, მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში? მოედანზე შავ დღეში ვიყავი.
თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას განვიცდიდი მოედანს მიღმა. სტადიონს პრესასთან შეჩერების გარეშე განა იმიტომ ვტოვებდი, რომ მარტო მოგების შემდეგ მიყვარს ლაპარაკი, არამედ იმიტომ, რომ დღემდე არ ვიცი როგორ ვთქვა ისეთი რამ, რაც გულს გატკენთ.
იმიტომ კი არ ვჭირვეულობდი, რომ განებივრებული ბავშვი ვარ, არამედ იმიტომ, რომ იმედგაცრუების მოთოკვა არ შემიძლია. ჩემში ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ზის. ის ხანდახან მთელ მსოფლიოს თვალს ჭრის, ხანდახან კი ყველას თავზე აფსამს. და მე ვიბრძვი, რომ ეს ბიჭი რაც შეიძლება დიდხანს ვაცოცხლო. ოღონდ, ჩემში და არა მოედანზე.
ალბათ ამბობდით, რომ მე ხშირად ვეცემოდი, სინამდვილე კი ის არის, რომ განა ვეცემოდი, ვიმსხვრეოდი.
და ეს უფრო ძლიერ ტკივილს მაყენებდა, ვიდრე ნაოპერაციებ კოჭზე დაბიჯება”.
26 წლის ვარსკვლავი გულშემატკივარს პატიებას სთხოვს.
„მე თქვენს კრიტიკასთან შესაგუებლად დრო დამჭირდა. მე სარკეში ჩასახედად და იქ ახალი პიროვნების დასანახად დრო დამჭირდა. მაგრამ, ახლა აქ ვარ, ფართედ გაღებული გულით.
დავეცი, მაგრამ ვინც ეცემა მხოლოდ მას შეუძლია წამოდგომა.
თქვენ შეგიძლიათ ქვები დამიშინოთ, მაგრამ აგრეთვე შეგიძლიათ ეს თქვენი ქვები განზე გადაყაროთ, რომ წამოდგომა შევძლო. და მე რომ წამოვდგები, მეგობარო, ჩემთან ერთად მთელი ქვეყანა წამოდგება”.