გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ ან ფინალი ითამაშეს ანაც მატჩი მესამე ადგილისთვის — ისინი ჩემპიონი საფრანგეთის, მესამე ადგილოსანი ბელგიის და ინგლისის ნაკრების წევრები არიან.
ვინც ჩამოვთვალეთ, ყველა ამერიკაში ისვენებს. ლინგარდი მაიამიშია, დანარჩენები ბევერლი ჰილზში.
ინგლისის ნაკრების მოთამაშეები მარკუს რეშფორდი და ფილ ჯონსი მანჩესტერში, ქერინგტონის ბაზაზე ამ დღეებში მივლენ და ვარჯიშს შეუდგებიან. მოურინიუ დანარჩენ ვარსკვლავებსაც იმავეს სთხოვს:
„იმედი მაქვს, რომ ბიჭები, რომლებიც დამსახურებულ შვებულებაში არიან მალე დაისვენებენ და რეშფორდისა და ჯონსის მსგავსად ცოტა ადრე ჩამოვლენ, თორემ სეზონის დასაწყისში დიდ გასაჭირში ჩავვარდებით”.
ეშლი იანგმა გასულ კვირას მწვრთნელის თხოვნა ყურად არ იღო და დასვენება განაგრძო.
„იუნაიტედი” ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრას ოთხშაბათს „რეალთან” გამართავს, შემდეგ კი გერმანიაში ჩაფრინდება, სადაც კვირას „ბაიერნს” შეხვდება.