ტიბო კურტუა

„სანი” წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში” გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან” მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ.

დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის” 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს” გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ — ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი შეიძლება დღევანდელის ნახევარი ფასიც კი ღირდეს. დღეს ბელგიელი ძალიან ძვირი ღირს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.

„რეალის” გადაწყვეტილებამ „ჩელსის” ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი აშკარად გაახარა. როგორც გუშინ მოგახსენეთ სარი მზად არის აზარი „ლურჯების” კაპიტნადაც კი გამოაცხადოს.

27 წლის აზარს „ჩელსისთან” კონტრაქტის თანახმად კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს. „რეალმა” მართალია კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში” გაყიდა, მაგრამ გუნდში რჩება გარეთ ბეილი, რომელმაც ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიბრწყინა. შესაბამისად, მადრიდელთა ახალ თავკაც ხულენ ლოპეტეგის თავდამსხმელის ყიდვის სამკვდრო-საციცოცხლო აუცილებლობა არ აქვს. ბეილის გარდა „რეალში” თამაშობს ქარიმ ბენზემაც.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, „ჩელსი” მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ ღირსეულ შემცვლელს იშოვნის, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერის შეცვლა კი იოლი საქმე არ უნდა იყოს. 26 წლის კურტუას „ჩელსისთან” კონტრაქტი 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე აქვს. ის „სტემფორს ბრიჯზე” 7 წლის წინ „გენკიდან” გადავიდა.