ჯადოქრების ციხე

სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს.

ანრი IV-ს საჩივარი მიწერეს ჩვენი ციხე-სიმაგრის გარშემო სულ კუდიანები და ჯადოქრები ცხოვრობენ, გვიშველე რამეო. მეფემ თავიდან შორს დაიჭირა, მაგრამ ბოლოს კათოლიკური ეკლესიის ზეწოლას ვერ გაუძლო და ბორდოდან მოსამართლე პიერ დე ლანკრი გაგზავნა ამბის გასარკვევად. ამ გაუნათლებელი და ბნელი ჩინოვნიკისთვის ბასკების ყველა ჩვეულება ჯადოქრობასთან დაკავშირებული ჩანდა – სიმღერაც, ცეკვაც, ენაც…
მსგავსი მანამდე არსად ენახა. 1609 წელი სენ-პე-სიურ-ნიველის და საერთოდ მთელი ბასკეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. მცირე ხანში მოსამართლემ ასზე მეტ ქალს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და სოფლელი მეზღვაურები დროზე რომ არ დაბრუნებულიყვნენ მთელ დასახლებას კოცონზე დაწვავდა. გამხეცებული ბასკების შემჩნევაზე დე ლანკრი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ბორდოსკენ, მაგრამ მის ბოროტებას რაღა გამოასწორებდა. იქაურ ციხეს კი რომელიც გამწარებულმა ხალხმა დაანგრია, დღემდე შემორჩა ჯადოქრების სახელი და დღემდე მის ნანგრევებში შესვლა აკრძალულია ტურისტებისთვის.
ეს ავბედითი ისტორიის მქონე ქალაქი იყო ტურ დე ფრანსის ბოლოსწინა ეტაპის საწყისი წერტილი. ინდივიდუალური რბოლა 31 კილომეტრზე გაიმართა. გზაზე მრბოლებს რამდენიმე შემაღლებული ადგილი ხვდებოდათ. ფინიშის წინ კი 900 მეტრი 10,2% დახრილობის დაბრკოლება ელოდათ. სტარტზე ველოსიპედისტები საერთო ჩათვლის ადგილის მიხედვით გავიდნენ, ჯერ ბოლოადგილოსანი, შემდეგ მომდევნო და ასე შემდეგ. 2011 წლიდან მოყოლებული ტურის ბოლო ინდივიდუალურ რბოლას სულ შეჰქონდა ცვლილებები საერთო ჩათვლის მოწინავე სამეულში. თუმცა ყვითელი მაისურა ბოლოს ინდივიდუალისტმა მხოლოდ იმ წელს მოიგო, კადელ ევანსმა ძმებ შლეკებს ორწუთნახევარზე მეტი მოუგო გრენობლის გარშემო 41 კილომეტრზე და ტურის ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. ახლაც იყო ცვლილებების მოლოდინი.
ტომ დიუმულენი

ასი მრბოლის ფინიშზე მისვლის მერე საუკეთესო დრო სქაის პოლონელ მიხალ კვიატკოვსკის ჰქონდა – 41’42’’. ეს დრო ლიდერებისთვის ერთგვარი ნიშნული გახდა. გერენტ ტომასი – ბოლო წლები ყველას ერთი და იგივე კითხვები ჰქონდა, რომ არ წაქცეულიყო ტომასი, რომ არ გაციებულიყო ტომასი, ფრუმის გრეგარი რომ არ ყოფილიყო ტომასი…

სულ რაღაც უბედურება ემართებოდა უელსელს და როცა ჯანმრთელობის და იღბლის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო, ტომასს ფრუმის დახმარება ევალებოდა. სქაიდან წავიდოდა კიდეც, მაგრამ ბედზე მოუსწრო ტურის წინ აგორებულმა სკანდალმა. ჯირო დ’იტალიის წლევანდელ და მანამდე ტურ დე ფრანსზე ოთხგზის გამარჯვებულ კრისტოფ ფრუმზე დოპინგ-სკანდალი ააგორეს. სქაიმ და ფრუმმა ბოლომდე იბრძოლეს და უდანაშაულობა დაამტკიცეს. თუმცა იყო შანსი კრისტოფ ფრუმს ტურ დე ფრანსზე ვერ ერბოლა. ამიტომ ტომასი ჩრდილოვანი კაპიტანი გახდა.
საბედნიეროდ, ფრუმი ტურზე გამოვიდა, მაგრამ სათანადო ფორმა ვერ აღიდგინა. ტომასის გალიდერების შემდეგ სქაი მთელ რბოლას აკვირდებოდა, არც ერთს წირავდა გრეგარობისთვის და არც მეორეს. მათ მთავარ დამხმარედ 21 წლის კოლუმბიელი ახალგაზრდა ბერნალ გომესი გაამწესეს, რომელმაც ისე ირბოლა, სპეციალისტებისთვის მომავალი პელოტონის პატრონია, მთლად ედი მერქსის მსგავსი ვერა, მაგრამ ინდურაინს, ინოს ან არმსტრონგს არ ჩამორჩებაო, ირწმუნებია ექსპერტები.
გერენტ ტომასი

ორი კაპიტნის დავაში ტომასმა არაფერი დათმო, გარდა დღევანდელი ინდივიდუალური რბოლის რამდენიმე წამისა და ხვალ პირველი უელსელი გახდება, რომელიც ტურ დე ფრანსის ყვითელ მაისურს დაისაკუთრებს. ეტაპის სამეული კი სწორედ კვიატკოვსკის მჯობნმა ხალხმა შეადგინა. გაიმარჯვა ტომ დიუმულენმა (სანვები, ჰოლანდია), მეორეზე კრისტოფ ფრუმი გავიდა (სქაი, დიდი ბრიტანეთი) ერთწამიანი ჩამორჩენით, მესამე კი ყვითელმაისურიანი გერენტ ტომასი იყო (+14’’).

ხვალ ტურის პელოტონს ეგრეთ წოდებული დეფილე ექნება, უიდან 60,5 კილომეტრის გავლის შემდეგ, მრბოლები პარიზში შანზ-ელიზეს აუყვებიან და ჩამოუყვებიან რამდენიმეჯერ, სანამ ჯამში 100 კილომეტრზე მეტს არ გაივლიან, მერე სპრინტერები გაეჯიბრებიან ერთმანეთს ყველაზე პრესტიჟული ეტაპის დასასაკუთრებლად და ბოლოს ყველა მაისურის მფლობელი გამოვა ფოტოგრაფებთან საპოზიოროდ…

ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები

საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიდრო
გერენტ ტომასიდიდი ბრიტანეთისქაი83h 17' 13''
ტომ დიუმულენიჰოლანდიასანვები+ 01' 51''
კრის ფრუმიდიდი ბრიტანეთისქაი+ 02' 24''
პრიმოჟ როგლიჩისლოვენიალოტო+ 03' 22''
სტივენ კრუისვიკიჰოლანდიალოტო+ 06' 08''

სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიქულა
პეტერ საგანისლოვაკეთიბორა477
ალექსანდერ კრისტოფინორვეგიაემირატები246
არნო დემარისაფრანგეთიგრუპამა203
ჯონ დეგენკოლბიგერმანიატრეკი178
ჟულიენ ალაფილიპისაფრანგეთიქუიკსტეპი143

მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიქულა
ჟულიან ალაფილიპისაფრანგეთიქუიკსტეპი170
უორენ ბარგილისაფრანგეთიფორტუნეო91
რაფაელ მაიკაპოლონეთიბორა76
გერენტ ტომასიდიდი ბრიტანეთისქაი74
ტომ დიუმულენიჰოლანდიასანვები63

გუნდური ჩათვლა

გუნდიდრო
მოვისტარი250h 24' 53''
მერიდა+ 12' 33''
სქაი+ 31' 14''
ლოტო+ 47' 24''
ასტანა+ 01h 15' 32''
წილი
წინა სტატიაწვიმის კაცი
შემდეგი სტატიამოურინიუ გაღიზიანდა
გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.