მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის.
პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება. სასურველი ფეხბურთელების სია მან ზაფხულის დასაწყისშივე შეადგინა, მაგრამ სადაცაა აგვისტო დაიწყება და ერთიც კი არ შეუძენია.
„ვფიქრობ, კიდევ ორს ვეღარ ვიყიდი. იმედი მაქვს ერთს მაინც დავიმატებ. სასურველი ხუთი ფეხბურთელის სია კი რა ხანია გადავეცი კლუბის ხელმძღვანელობას. ვნახოთ რა იქნება.
დღევანდელ შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც 10 აგვისტოს, „ლესტერთან” მოედანზე აღარ იქნებიან. ეს ჩემი გუნდი არ იყო. ნახევარიც კი არ იყო. 30 პროცენტიც კი…”
შემდეგ მოურინიუმ გულშემატკივარზე ილაპარაკა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრო. მან თქვა:
„შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ მე გულშემატკივრის ადგილზე სტადიონზე არ მოვიდოდი. ასეთი გუნდების სანახავად ფულს არ დავხარჯავდი. „ჩელსისა” და „ინტერის” თამაშს შევავლე თვალი. იქ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ტრიბუნაზე ჯდომას პლაჟზე წოლა ჯობდა და სტადიონზე კაციშვილი არ იყო. ჩვენს თამაშზე კი ხალხმა კლუბებისადმი დიდი სიყვარული გამოამჟღავნა, მაგრამ ამერიკელი გულშემატკივარი მეტს იმსახურებს. ის იმსახურებს კარგ „იუნაიტედს”, კარგ „ლივერპულს” და კარგ „რეალს”. ეს ხალხი თავის ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ცდილობს, ამიტომ მინდა მათ ბოდიში მოვუხადო”.
და ბოლოს გაღიზიანებულმა მოურინიუმ მსაჯებს შეუტია.
„მგონი ბეისბოლის მსაჯები გვემსახურებოდნენ. ისინი ფეხბურთზე იყვნენ, მაგრამ თავი ბეისბოლზე ეგონათ”.
„