1. ვატიკანი 2. გუადელუპის ნოტრ-დამი მეხიკოში 3. ფატიმას ნოტრ-დამი პორტუგალიაში 4. ლურდის ნოტრ-დამი…

საფრანგეთში ზოგი რეიტინგი ლურდის ეკლესიას ანიჭებს მესამე ადგილს ამ ჩამონათვალში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი მომლოცველი ჰყავს, რომელთაგან 60-70 ათასი ავადმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

ტურ დე ფრანსის დღევანდელი საწყისი წერტილი კათოლიკურ სამყაროში წმინდა ადგილია, რომლის მოლოცვაც მორწმუნეთათვის განმრთელების და ბევრი პრობლემის მოგვარების საწინდარია. კათოლიკური ეკლესიის თანახმად, 1858 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში ღვთისმშობელი აქ 14 წლის ბერნადეტ სუბირუს 18-ჯერ ეჩვენა. გოგონას თავიდან არავინ უჯერებდა, სამოქალაქო ხელისუფლებამ ცალკე გამოკითხა, ეკლესიამ ცალკე. ბოლოს ექიმებსაც გაასინჯეს – ყველას დასკვნა მსგავსი იყო – გოგონა არ ცრუობდა!

ბერნადეტი მალე მონაზვნად აღიკვეცა, 1933 წელს მისი კანონიზირება მოხდა წმინდა ბერნადეტის სახელით, ლურდს კი მომლოცველები მიაწყდნენ. იქიდან მოყოლებული 7000-ზე მეტი განკურნებაა ოფიციალურად დაფიქსირებული, საიდანაც 69 ვატიკანმა სასწაულებრივ განკურნებად აღიარა.

ღვთისმშობლის პირველად გამოცხადების ადგილზე კი დიდებული ეკლესია აიგო. ფრანგული სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით ლურდი ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრია პარიზის შემდეგ. აქაურ სასტუმროებში 12 ათასზე მეტი ნომერი და 22 ათასზე მეტი საწოლია. ჯამში 144 სასტუმროთი ლურდი საფრნგეთში მესამე ადგილზეა, პარიზისა და ნიცას შემდეგ.

წმინდა ბერნადეტის უხრწნელი ნეშტი

ტურ დე ფრანსი აქაურობას მხოლოდ მეოთხედ ეწვია, ალბათ, თავისი პომპეზურობის მიუხედავად საყოველთაო ყურადღების ცენტრში რომ ვერ ექცევა ამიტომ.

ყოველშემთხვევაში ლურდში დაიწყო წლევანდელი ტურ დე ფრანსის ბოლო მთის ეტაპი.

ლარუნამდე 200,5 კილომეტრი გაიარა პელოტონმა. 78-ე კილომეტრზე პირველი კატეგორიის ასპენის მთას (12 კმ, 6,5% დახრილობა) მოექცა თავზე, 30 კილომეტრში უმაღლესი კატეგორიის, ტურისთვის ლეგენდარული ტურმალე (17,1 კმ, 7,3%) დალაშქრა, ბორდერის (მე-2 კატეგორია) გადავლის შემდეგ ორწვერიანი (სულორი და ობისკი) უმაღლესი კატეგორიის დაბრკოლება (16,6 კმ, 4,9%) დაძლია და 20 კილომეტრიანი ციცაბო დაღმართით უწია ლარუნს. ვინაიდან დღეს იყო ბოლო შანსი ყველა მთიელისთვის ეტაპის მოგებისაც და საერთო ჩათვლაში უკეთესი ადგილისთვის გაბრძოლებისა, ყველამ გააფთრებით სცადა შეტევა.

თავიდან, პირველ სერიოზულ მთამდე რამდენიმე შეტევა განხორციელდა და ასპენის ძირს 18-მა ლტოლვილმა საკმაო უპირატესობით უწია. მწვერვალზე სხვაობა 4 წუთზე მეტი იყო. ლტოლვილთაგან ალაფილიპმა იყოჩაღა, 10 ქულა აიღო მთის მეფის ჩათვლაში და პარიზში წითელკოპლებიანი მაისურით შესვლა გაინაღდა.

ტურმალეს აღმართსაც დაახლოებით ამ უპირატესობით შეუყვნენ მოწინავეები. მდევრებში კი იერიშებში საერთო ჩათვლაში სქაისთვის სახიფათო მრბოლები ლანდა და ბარდე ჩაერთვნენ. ზაკარინთან, მაიკასა და ამადორთან ერთად მათ პელოტონის ჩამოტოვება მოახერხეს და ლიდერებსაც დაეწიენ ბორდერის აღმართამდე. თუ მანამდე პელოტონი ცოტა გულგრილი იყო გაქცეულების მიმართ, ახლა მანაც გაზარდა სიჩქარე და სხვაობა თითქმის გაანახევრა.

ლანდამ და ბარდემ ობისკზე ასვლისას კიდევ შეუტიეს, მაგრამ საკუთარი პოზიციების დაცვა ტომასის და ფრუმის გარდა როგლიჩმა და დიუმულენმაც დაიწყეს, რამაც შედეგი გამოიღო და ყვითელი მაისურის ჯგუფმა მაიკას გარდა ყველა ჩაყლაპა მწვერვალამდე. დაშვებისას ყველაზე უშიშარი როგლიჩი იყო. ალბათ სლოვენიელს ასეთი სიჩქარის შიში მისმა ადრეულმა სპორტულმა გამოცდილებამ გაუქრო.

პრიმოჟი სანამ რკინის ბედაურს მოახტებოდა ტრამპლინიდან ხტომებით იყო დაკავებული და მშვენიერი შედეგებიც ჰქონდა პროფესიონალებს შორის, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო მოუწია კარიერის შეწყვეტა. აღდგენით პროცესში ექიმებს მისთვის ველოსიპედით ვარჯიში ურჩევიათ და მომჯობინების მერე აღარც გახსენებია თხილამურები.

მოკლედ, ადგილებში ლამის 100 კმ/სთ სიჩქარით მფრინავი სლოვენიელის მიყოლა სხვებმა ვერ შეძლეს და მანაც ბონუსის წამების (10) დახმარებით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილამდე აღზევებაც შეძლო.

ბონუსი მიიღეს ტომასმა (6) და ბარდემაც (4). ხუთეულიდან კი კენტანა დაქვეითდა, რომელმაც 7 წუთზე მეტი წააგო.

ხვალ გაირკვევა 2018 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული – სენ-პე-სიურ-ნიველიდან ესპელეტამდე მხოლოდ 31 კილომეტრია, მაგრამ ეს მანძილი ყველამ ინდივიდუალურად უნდა გაიაროს. ეტაპს ისიც ართულებს, რომ საკმაოდაა ბორცვები, ფინიშამდე 3 კილომეტრით ადრე კი 900 მეტრი 10,2 % (!!!) დახრილობის მონაკვეთია, რაც ინდივიდუალური რბოლის მსოფლიო ჩემპიონ დიუმულენს ცოტათი ართმევს უპირატესობას ტომასთან და სხვებთან, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი მოსალოდნელია…