საქართველო დიდი სპორტსმენების სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები წყალბურთში, ცურვასა და წყალში ხტომაში. მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოხდა. მას მერე კი, მოგეხსენებათ, იყო დიდი და ხანგრძლივი კრიზისი. კრიზისი არა მხოლოდ სპორტის საწყლოსნო სახეობებში – ეს იყო ნგრევის, ომებისა და ამ უბედურებებით გამოწვეული დეპრესიის წლები.
ამ ნეგატივიდან გამოსვლა ძალზე რთული აღმოჩნდა. ქვეყანას ლამის ორი ათწლეული დასჭირდა, რათა ვითარება პოზიტივისკენ შემოებრუნებინა და დაწყებულიყო ახალი სპორტული არენების მშენებლობა, მათ შორის – საცურაო აუზების.
ერთ-ერთი ასეთი საცურაო აუზი თბილისში, გლდანში 6 წლის წინ ამოაქმედდა – ა.ა.ი.პ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი. დროთა განმავლობაში ეს ნაგებობა გლდანელთა (და არა მხოლოდ გლდანელთა) საყვარელ დასასვენებელ და გამაჯანსაღებელ ადგილად იქცა, ხოლო ზაფხულში ეს ნამდვილი სამოთხეა, თბილისური ხვატის გათვალისწინებით. იქ ბავშვები და ახალგაზრდები ვარჯიშობენ და ოსტატდებიან, თუმცა ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეუძლიათ აბონემენტის შეძენა და ზაფხულში გაგრილება და დასვენება, ხოლო ზამთარში – გაკაჟება და ტონუსის შენარჩუნება.
ამ სპორტულ ცენტრში მისი გახსნის დღიდან დავით ხავთასი მუშაობს – სპორტზე და განსაკუთრებით საწყლოსნო სახეობებზე თავდავიწყებით შეყვარებული კაცი. დათო ცურვის მწვრთნელია, მან ამ პროფესიას თავისი ცხოვრების 25 წელიწადი მიუძღვნა, არადა თავად მხოლოდ 44 წლისაა. გარდა ამისა, მას სპორტის უნივერსიტეტშიც უმუშავია პედაგოგად და არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი ემადლიერება დათო-მასწავლებელს ცოდნის გაზიარებისთვის. თავად დავითიც დიდი მოწიწებითა და პატივისცემით იხსენებს თავის მწვრთნელებსა და პედაგოგებს:
„ცურვა ბავშვობაში შემიყვარდა და მას შემდეგ დღე არ გაივლის ისე, ჩემს ამ გატაცებაზე რომ არ მეფიქროს. მე და ჩემს თაობას არ გაგვიმართლა. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა სპორტული კარიერის პირველი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა საერთაშორისო პროფესიულ სარბიელზე, ქვეყანა სწორედ მაშინ აირია, თორემ ცურვა ისე მიყვარს და ისეთი მონდომებით ვვარჯიშობდი, მიზნად ოლიმპიური ჩემპიონობა მქონდა დასახული. ამაზე კი არ ვოცნებობდი, ეს ჩემი მიზანი იყო. თანდათან წყალბურთმაც გამიტაცა, ბორის მარგიევთან ვვარჯიშობდი, ფიზკულტურის ინსტიტუტში ვაჟა ჩერტკოევი და დავით ყარანგოზაშვილი იყვნენ ჩემი დამრიგებლები და ჩემს ახლანდელ პროფესიაში რამე თუ გამეგება, ეს მთლიანად ამ საოცარი ადამიანების დამსახურებაა“.
მართალია, დავით ხავთასს პირადი ამბიციების განხორციელების იმედი ხსენებულმა მიზეზებმა გადაუწურა, მაგრამ ჭაბუკს სპორტის გარეშე ცხოვრება მაინც ვერ წარმოედგინა: ჯერ კიდევ ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტმა, მწვრთნელობა გადაწყვიტა და შორეულ 1993-ში ჩანაფიქრი აისრულა კიდეც. მას მერე ეს საქმიანობა მისი ცხოვრების პროფესიადაა ქცეული.
„მთელი ეს წლები გული მწყდებოდა, რომ საქართველოში ცურვასა და წყალბურთს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა პირობებში გვიწევდა მწვრთნელებს მუშაობა და სპორტსმენებს – ვარჯიში. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. მართალია, სპორტის საწყლოსნო სახეობების ისეთი კერა, როგორიც „ლაგუნა ვერეა“, დანგრევის პირასაა, ხოლო მეორე ცენტრი – ვაკის საცურაო აუზი – ფართო მასებისთვის აღარაა ხელმისაწვდომი, სამაგიეროდ აშენდა საწყლოსნო პროფილის რამდენიმე სერიოზული სპორტული ცენტრი და ეს ყოველივე აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. წყალი სიცოცხლეა, ჯანმრთელობაა. ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცურვა, მაგრამ სტატისტიკა საპირისპიროს გვეუბნება – ცურვა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. ეს სავალალო შედეგი სწორედ 90-იანი წლების სიდუხჭირემ და არეულობამ მოიტანა“.
როგორც ზემოთ ითქვა, დღეს დავით ხავთასი გლდანის საცურაო აუზში მწვრთნელად მუშაობს. მისი თქმით, ცურვა თანდათან იბრუნებს ძველ პოპულარობას.
„ბავშვები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ვარჯიშობენ. მთლიანობაში ნიჭიერი თაობები მოდის და ხელშესახები წარმატებებიც გვაქვს, თუმცა, საბოლოო ჯამში მთავარი მაინც ისაა, რომ პატარები გარანტირებულად ჯანმრთელები გაიზრდებიან. ესაა რაცაა. გლდანის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობა და სრული პერსონალი ძალ-ღონეს არ იშურებენ ახალ თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის. ცნობილია, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ამიტომ ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია – ქვეყანას ჯანმრთელი თაობები აღვუზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი პროფესიონალისა და საქმეზე შეყვარებული ადამიანის მხარდამხარ ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები. დარწმუნებული ვარ, ქართველი მოცურავეები და წყალბურთელები აუცილებლად იტყვიან თავის ხმამაღალ სიტყვას საერთაშორისო არენაზე. ძველ წარმატებებს ახალი დაემატება და ამას საფუძველი სწორედ დღეს ეყრება“.