ფრანგული საკლუბო რაგბი ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა და რახან ამ ქვეყნის კლუბებში მრავალი ათეული ქართველი მორაგბე ირიცხება, ეს პროცესი ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა.
მოსამზადებელი პერიოდი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“ თბილისს სტუმრობს, ხოლო ვიდრე პარიზელები ვაკეში „მიხეილ მესხზე“ „ზაფხულის თასისთვის“ იბრძვიან, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი „მონპელიე“ ახალი სეზონისთვის შინ, მშობლიურ ქალაქში ემზადება.
ძირითად თემასაც მივადექით: კურორტ სენტ-ანიმიში ორკვირიანი შეკრებიდან დაბრუნებული „მონპელიე“ სრული შემადგენლობით (შვებულებიდან ჯერაც არდაბრუნებული ფიჯელი ტიმოსი ნაგუსას და ტრავმირებულების, მათ შორის ნარიაშვილის გარდა) მუნიციპალიტეტის მეხანძრეთა ქვედანაყოფ „ჟან გიზონიეს“ ყაზარმებს ესტუმრა. სრული შემადგენლობა ვახსენეთ და აქ ტოპ 14-ში საასპარეზოდ დასახელებულნი იგულისხმებოდნენ, თორემ მთავარ და ახალგაზრდულ გუნდებში ჯამში 6 ქართველია. მთავარი გუნდის წევრები არიან კოტე მიქაუტაძე, მიშა ნარიაშვილი (ვინც ნაოპერაციებ ფეხს იშუშებს) და „ტულონიდან“ ახლახან გადასული ლევან ჩილაჩავა. ახალგაზრდულში კი, ე.წ. ესპუარებში გელა აფრასიძე, ლუკა აზარიაშვილი და უშანგი ჭეიშვილი ითამაშებენ.
არავინ იფიქროს, რომ მსოფლიო რაგბის კაშკაშა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი სახანძროში ექსკურსიაზე მივიდა. ვერნ კოტერმა გადაწყვიტა, თავისი რაზმი ერთი სრული დღის განმავლობაში ექსტრემალურ პირობებში გაეწვრთნა და აღმოჩნდა, რომ სახანძრო ამისთვის ზედგამოჭრილია. მეხანძრეთა ქვედანაყოფის მეთაური, მესიე ფრანსუა დეკანი თავაზიანად დათანხმდა ახალზელანდიელი მწვრთნელის თხოვნას და რაც შემდგომ მოხდა, ყველაფერი სწორედ მისი ხელმძღვანელობთ წარიმართა.
დავიწყოთ იმით, რომ გუნდი 5 ნაწილად დაიყო და ყველას რიგრიგობით ამა თუ იმ „სახანძრო“ დისციპლინის შესრულება დაევალა. ერთნი წყლით სავსე ავზებით დამძიმებულ, 12-ტონიან სახანძრო მანქანას თოკებით საკმაოდ დიდ დისტანციებზე აგორებდნენ. ოდნავ მოშორებით მონპელიელთა სხვა ჯგუფის წევრები მაქსიმალურად გაშლილ, 26-მეტრიან ვერტიკალურ სახანძრო კიბეზე ადი-ჩადიოდნენ. „არავინ დაიმალოს, ყველანი ავდივართ ამ ოხერ კიბეზე, გამონაკლისის გარეშე!“ – ამხნევებდა თანაგუნდელებს 133-კილოიანი ბურჯი ანტუან გილიამონი.
კიდევ ერთი „ვარჯიში“ გულისხმობდა მორაგბეთა ჯგუფის ცეცხლმოკიდებულ ოთახში ჩაკეტვას, მეხანძრეთა სრული ამუნიციით და, ცხადია, ჟანგბადის ბალონებითურთ. „ოოო, რა სიამოვნება მივიღე! შემიყვარდა ეს ვარჯიში!“ – ეს სარკასტული კომენტარი ვეტერან ვარსკვლავს, სამხრეთაფრიკელ იანი დუ პლესის ეკუთვნის, ვინც დიდი გაჭირვებით მოირგო დაკუნთულ, 125-კილოიან სხეულზე მეხანძრის ცეცხლგამძლე კოსტიუმი.
ყაზარმების სხვა სატრენინგო წერტილში მორაგბეთა კიდევ ერთი ჯგუფი წყლის ჭავლის დამორჩლებას ცდილობდა. ბრანდსპოინტიდან გამოსული ჭავლის მაქსიმალური წნევა 15 ბარია და ასეთ წნევას მხოლოდ განსაკთრებულ შემთხვევებში იყენებენ, ხოლო ხანძრებისას ეს ჭავლი, როგორც წესი, რამდენიმე მეხანძრეს აბარია, ერთი ადამიანი ამხელა დატვირთვის მომრევი ვერაა. მაგრამ მთელმა სახანძრო ქვედანაყოფმა, მისმა მეთაურმა, დამსწრე მორაგბეებმა, მწვრთნელებმა და ყველამ, ვინც კი ეს იხილა, გაოცებისგან პირი დააღო – ბორჯღალოსანმა ლევან ჩილაჩავამ 14 ბარის წნევის ჭავლი დაიმორჩილა. არარეალურია, მაგრამ ფაქტია. გავიმეორებ, შესაძლო მაქსიმუმი 15 ბარია…
კიდევ ერთ ნაწილს ქალბატონი ხელმძღვანელობდა – საფრანგეთის 7-ქალას წევრი და ამავდროულად მეხანძრე-გამნაღმველი ოდრი ამიელი. მადმუაზელ ოდრიმ „მონპელიეს“ მორაგბეებს სპეციალიზებულ წინაღობებიან ბილიკზე გააძრო სიქა. „ჰოო, ამის დასაძლევად მართლაც დიდი შრომაა საჭირო“ – გმინავდა დაღლილობისგან გაოგნებული მესამეხაზელი კელიან გალეტიე…
ფაქტია, რომ ვერნ კოტერმა ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და თავისი რაზმი მართლაც უკიდრესად ექსტრემალურ გარემოში ამყოფა. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, ამ „წვრთნისას“ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სპორტსმენთა დიდ უმრავლესობას ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო მათი ტანჯვა-წამება „ჟან გიზონიეს“ ყაზარმებში.