ზეწარმატებული და ზეიღბლიანი გამოდგა მიმდინარე კვირა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშია.
მსოფლიოს 81-ე ჩოგანმა ბასილაშვილმა მე-13 ჩოგანი პაბლო კარენო ბუსტა ორ სეტში დაამარცხა – 7:6, 6:4. ანგარიშმა არ მოგატყუოთ. ჩვენებურმა გვარიანად გვანერვიულა. ჯერ პირველ სეტში 5:3 დაწინაურებულმა ზედიზედ სამი გეიმი და ლამის სეტიც დათმო, მაგრამ გაათანაბრა და ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო. მეორე სეტში სულაც 4:1 იგებდა და კარენომ ისევ ზედიზედ სამი გეიმი აართვა. მერე კი ქართველმა ჯერ თავისი მოწოდებით, ბოლოს კი ბრეიკით საფინალო წერტილი დასვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში მასპინძელთა ჯილა ფილიპ კოლშრაიბერი (7:5, 1:6, 6:4) ჩამოიშორა გზიდან, მერვედფინალში კი პაბლო კუევასთან ორი სეტი იკმარა. აქ ქართველის მცირე გმირობაც ვახსენოთ: პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე კუევასი 6:1 დაწინაურდა, მაგრამ ნიკოლოზმა ზედიზედ 7 გათამაშება (!) მოიგო, მეორე სეტში კი 6:4 იმარჯვა.
დღეს ნახევარფინალებია. ბასილაშვილის მეტოქე 22 წლის ჩილელი ნიკოლას ჯარი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 69-ე საფეხურს იკავებს. დაუმარცხებელი ბარიერი არ ჩანს და თუ აქამდე მიღწეულით ნიკოლოზმა რეიტინგში დაახლოებით 15-საფეხურიანი წინსვლა გაინაღდა, ფინალისტობის შემთხვევაში კარიერული ნახტომი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ლეონარდო მაიერი და იოზეფ კოვალიკი დაუპირისპირდებიან.
ჰამბურგის ტურნირი ATP 500-ის კატეგორიისაა, რაც დიდი სლემის და მასტერსის შემდეგ პრესტიჟულობით მესამეა. ამაზე თუნდაც ტურნირში მონაწილე და უკვე გამოვარდნილ მეჩოგნეთა გვარებიც მეტყველებს: დომინიკ ტიმი, ანდრეა სეპი, ფერნანდო ვერდასკო, ჟილ სიმონი, გაელ მონფილსი, რიშარ გასკე…
მაშ, ველოდებით ნახევარფინალს და ვფიქრობთ ფინალზე.