ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”.

ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას ორი წლის წინანდელი ახსოვდა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 89 მილიონ გირვანქად პოლ პოგბა შეიძინა, რაზეც მაშინ კლოპმა თქვა: „იმ დღეს, როდესაც ფეხბურთი მთლიანად ფულზე გახდება დამოკიდებული, მე ამ საქმიდან წავალ”.

მოურინიუს „ლივერპულის” თავკაცის ეს სიტყვები გულში ჩარჩა და ახლა, 2018-ის ზაფხულში, როდესაც გერმანელმა ახალ ფეხბურთელებში 175 მილიონი გირვანქა დახარჯა (პოგბაზე კომენტარიდან თუ დავთვლით „ლივერპულს” 400 მილიონი აქვს გადახდილი), პასუხმაც არ დააყოვნა. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან, კლოპმა მარტო ბრაზილიელ მეკარე ალისონში გადაიხადა 67 მილიონი.

კლოპისთვის ნიშნის მოგების საშუალება რომ მიეცა მოურინიუ სიხარულს ვერ მალავდა. მან თქვა: „ბედნიერი ვარ გაღიმების შესაძლებლობა რომ მომეცა. საინტერესოა, როგორ ეცვლება ხალხს შეხედულებები და როგორ იცვლებიან თავად ადამიანები”.

კლოპის პასუხის პასუხი კი, რომლის ერთი ნაწილი მოურინიუს გაღიმებასთან დაკავშირებით ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ასეთი იყო: „ჩვენი საქმე მდგომარეობის გამოსწორებაა და თუ შევძელით, ეს სატრანსფერო ბაზარზე კი არა, მოედანზე მოხდება”.

სხვა სიტყვებით, თუკი „ლივერპული” კარგად ათამაშდება, ეს ფულის კი არა, გუნდის დამსახურება იქნებაო.

შემდეგ კი გერმანელმა ისევ მოურინიუზე ილაპარაკა: „ყველაფერი ნორმალურადაა. არა მგონია ეს ეგრეთწოდებული გონების თამაშები იყოს. ვადასტურებ, მე თავის დროზე პოგბაზე რაღაც ვთქვი. ზუსტად არ მახსოვს რა, მაგრამ ნამდვილად ვთქვი. შეიძლება მაშინ ძალიან ჭკვიანურად არ მოვიქეცი, მაგრამ ხდება ხოლმე. და ახლა, როდესაც ჟოზემ მიპასუხა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს თავისუფალი ქვყანაა. ვისაც რა უნდა იმას იტყვის”.

„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში ერთმანეთს მიჩიგანში, 29 ივლისს, ჩვენი დროით ღამის 1 საათზე ხვდებიან.