ანტონი მარსიალი და მეელანი და კრუსი

ანტონი მარსიალი მამა გახდა. მისმა მეგობარმა ქალმა მელანი და კრუსმა ბიჭი შვა, სახელად სვონ ანტონი. მარსიალისთვის ეს მეორე შვილია. უფროსი გოგონა პეიტონი მას ორი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან სამანტა ჟაკლინთან შეეძინა. შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბმა სამანტა ჟაკლინი მელანი და კრუსის გამო დატოვა. დაგვეთანხმებით, 22 წლის ბიჭისთვის მდიდარი ბიოგრაფიაა.

მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად აშშ-ში იყო, სეზონისწინა შეკრებაზე, როდესაც მოულოდნელად მწვრთნელთან ჟოზე მოურინიუსთან მივიდა და გამოუცხადა, რომ მისი მეგობარი ქალი პარიზში მშობიარობს და ის მშობიარობას უნდა დაესწროს. მოურინიუ ლოს ანჯელესის საწვრნელ ბაზაზე პირდაღებული დარჩა.

„მარსიალი პარიზში რომ მიდიოდა მაშინ გავიგე, როდესაც თავად მითხრა, ფაქტის წინაშე დამაყენა. ეს ორი თუ სამი დღის წინ მოხდა. მაგრამ, როდესაც საქმე პირადულს ეხება ყველა ხვდება, თუ როგორ განიცდის ადამიანი და ყველა შედის მის მდგომარეობაში. ის მამა უნდა გამხდარიყო, ასეთ დროს კი არავის აქვს უფლება მას წასვლაზე უარი უთხრას”, — თქვა პრეს-კონფერენციაზე მოურინიუმ.

მოგეხსენებათ, მოურინიუსა და მარსიალის ურთიერთობას იდეალური არ ჰქვია. ფრანგი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლას აპირებდა, მოურინიუ კი მასზე და მის აგენტზე გაბრაზებული იყო. პორტუგალიელ მწვრთნელს ერჩივნა ფრანგი, რომლითაც „იუვენტუსი” და „დორტმუნდი” იყვნენ დაინტერესებულები 50 მილიონ გირვანქად გაეყიდა, მაგრამ ბოლოს ფეხბურთელს გუნება ეცვალა და „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენა გადაწყვიტა.

მარსიალის შეძენით ჯერ კიდევ არიან დაინტერესებულები „ჩელსი” და „ტოტენჰემ ჰოთსპური”.