მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა.

შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და კვირას სწორედ ამ სარბიელზე ტეილორ სვიფტმა გამართა კონცერტები, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოედნის საფარს საკონცერტო ტექნოლოგიათა ტყვეობიდან სამშაბათს დილამდე ვერ გამოიხსნიდნენ და თამაშამდე ბალახი ან მოასწრებდა მოთვინიერებას ან ვერა.

ანგარიში 57-ე წუთზე „მანჩესტერ სიტის” ლეროი სანემ გახსნა. 6 წუთში სალაჰმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის წამატებულ წუთებზე საიდო მანემ გამარჯვება პენალტით „ლივერპულს” მოუტანა. შეხვედრას 52 635 მაყურებელი ესწრებოდა.