ბერნატ პიკორელის საწყლოსნო კომპლექსში, რომელიც ბარსელონას ოლიმპიადის (1992) შემდეგ მეოთხედი საუკუნეა ერთგულად ემსახურება ზეპურ საწყლოსნო მოვლენებს, სიცხე მატულობს. წყალბურთში ევროპირველობის მეორე ეშელონმა ადგილები უკვე გაინაწილა. 16 რჩეულ ევროპულ ნაკრებს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც სლოვაკეთთან გმირული 8:6-ის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცია დაიმტკიცა და წინა ევროს შედეგს ერთი საფეხურით გადააბიჯა.
მთავარი ამბები კი, ცხადია, მეოთხედფინალურ თამაშებში დატრიალდა, სადაც ევროპის ვიცე-ჩემპიონი მონტენეგრო წინ ვერ აღუდგა მსოფლიო ჩემპიონ ხორვატიას (7:9) და წყალბურთის სამყარო ზეთამაშის მოლოდინით ხელების ფშვნეტაშია: ნახევარფინალში ხორვატიას არამარტო წყალბურთში ისტორიული მეტოქე და ევროპის ჩემპიონი სერბეთი ელის, რომელმაც მეოთხედფინალის პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე უნგრეთს, ხოლო დანარჩენ მეოთხედებში აკადემიური სიმშვიდით და სიზუსტით ანგარიშში სხვაობის შენარჩუნება მოახერხა.
ბარსელონას კედლები ესპანეთის ნაკრებისთვის რამდენად შინაურია, ვერ გეტყვით, მაგრამ ესპანურ წყალბურთი ფაქტობრივად კატალონიელთა მხრებზე და ეს ფაქტორიც ალბათ მოქმედებდა, როცა ქომაგთა გამაყრუებელ ხმაურში პირინეელებმა ბერძნები შემუსრეს (10:6). თამაშის პირველ ნახევარში რიგიანად მოთამაშე ელინები რატომღაც მესამე მეოთხედში აიჭრნენ და ოთხი უპასუხო გოლის გაშვების შემდეგ თამაშის შემობრუნების ილუზია ძნელად ექნებოდათ.
მეოთხე მეოთხედფინალში იტალიამ რუსეთი დაამცირა (11:1) და მეორე ნახევარფინალში თავისი აპენინური სიჯიუტით პირინეული კედლის განგრევას ეცდება.
