ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ათი ნომინანტი იბრძოლებს. ათეული, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი ნეიმარი ვერ მოხვდა, წარსულის დიდ მოთამაშეთაგან შედგენილმა კომისიამ შეადგინა.

ნომინანტთა სია ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ, კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, მოჰამედ სალაჰი და რაფაელ ვარანი.

კომისიის წევრები იყვნეენ: ბრაზილიელები რონალდო, კაკა და კარლოს ალბერტო პარეირა, იტალიელები ფაბიო კაპელო და ალესანდრო ნესტა, კოტ დ’ივუარელი დიდიე დროგბა, ინგლისელი ფრენკ ლემპარდი, გერმანელი ლოთარ მათეუსი, ნიგერიელი ემანუელ ამუნიკე, შოტლანდიელი ენდი როქსბურგი,  საუდელი სამი ალ-ჯაბერი, კორეელი ბუმ-კუნ ჩა, და ახალზელანდიელი უინტონ რუფერი.

უკვე მესამე წელია, რაც ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვები დაცალკევდა. ფიფას ჯილდო 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. წლეულს ის კვლავ ჩემპიონთა ლიგის მფლობელია და რასაკვირველია გამარჯვების შანსიც ისევ აქვს, ისევე როგორც ესპანეთის ჩემპიონს, თასის მფლობელსა და საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის.

კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლავთ ევროლიგის გამარჯვებული და რაც მთავარია მსოფლიოს ჩემპიონი ანტუან გრიზმანი. შორს არც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლუკა მოდრიჩია.

შორთ-ლისტში ერთადერთი მცველია — ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელ ვარანი.

დაჯილდოების ცერემონიალი 24 სექტემბერს ლონდონში ჩატარდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ფიფას მედია-პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ და ჩვენს არჩევანს მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც ფიფას ვაახლებთ