ლეგენდის მიხედვით კარკასონის სახელი IX საუკუნიდან მოდის. იმ დროს ქალაქი სარკინოზების ყოფილა. ფრანკთა დიდი ხელმწიფე შარლემანი (იგივე კარლოს დიდი) დიდძალი ჯარით დამდგარა ქალაქის ალყად, რომლის მმართველი, მეუღლის, მუსულმანი პრინცის ბალაკის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ქალბატონი კარკასი გამხდარა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწევია მომხდურთთათვის. ალყა იმდენი ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 წელზე მეტი) გაგრძელებულა, ორივე ჯარს სანოვაგე გამოლევია და შიმშილობაც დაუწყიათ. გალავნის შიგნით ბოლო ბურვაკი (ღორის ხორცს ნაკლები გასავალი ჰქონდა სარკინოზებში) და ცოტაოდენი ხორბალი უპოვნიათ. კარკასს მცირედი სანოვაგე მტრის თვალის ასახვევად ციხის კედელზე გადაუკიდავს, შარლემანს უფიქრია, ამათ საჭმელი კიდევ აქვთო და ალყა მოუხსნია. გახარებულ კარკასს ზარების რეკვა აუტეხავს, ფრანკებს რაღაც უეჭვიათ და მობრუნებულან. ქალაქის მმართველსაც ზავზე დათანხმების მეტი რაღა დარჩენოდა.

კარკასონს (ფრანგულად: კარკასი რეკავს) მოსწონს ეს ლეგენდა, თორემ ისტორიული წყაროების მიხედვით, აქაურობა ჯერ კიდევ შარლემანის მამას, კაროლინგების დინასტიის პირველ მეფე პიპინ მოკლეს დაუმორჩილებია. ლაშქრობები და ბრძოლები არც მერე აკლდა კარკასონის ციხეს და დღესაც არ აკლია – ყოველწლიურად აქ რაინდთა ტურნირები იმართება, რაც დამატებით უამრავ ტურისტს იზიდავს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეყვანილი ქალაქის დასათვალიერებლად.

რაინდული ტრადიციები კარკასონში დღესაც ფასობს

ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებმაც ალბათ ამიტომ შეისვენეს სწორედ კარკასონში ორშაბათს. დღეს კი პელოტონი პირინეის მთებისკენ დაიძრა, 218 კილომეტრი გადაიარა, ორი მეოთხე კატეგორიის, ერთი მეორე კატეგორიის, ბოლოს ორიც პირველი კატეგორიის სირთულის მთა დაძლია და ბანიერ-დე-ლუშონს, რომელმაც ტურის ეტაპი 58-ედ მიიღო, მზის ჩასვლისას უწია. 10 წელია ასე ცოტა მრბოლი არ უნახავს ტურს. 2008 წლის ბოლოსწინა ეტაპი მხოლოდ 145 მრბოლით დაიწყო, ახლა კი 148-მდეა პელოტონი დამდნარი და მთების გადამკიდე, სავარაუდოდ, კიდევ შეთხელდება. რამდენიმე მრბოლი ამ ეტაპზეც დაემშვიდობა ტურს, მათ შორის დღევანდლამდე მთის მეფის ჩათვლაში მესამე ადგილზე მყოფი ბელგიელი პაუელსიც.

ისე, ტურის ისტორიული სტატისტიკა სქაის ჩემპიონობას პროგნოზირებს – მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს მომხდარა, რომ მესამე კვირის დასაწყისში თუ რომელიმე გუნდს საერთო ჩათვლის სამეულში ორი მრბოლი ყავდა, პარიზში ყვითელი მაისურით სხვა შესულიყოს. მაშინ ლუქსემბურგელ ძმებს ენდი და ფრენკ შლეკებს (ტრეკი), გრენობლის გარშემო ინდივიდუალური რბოლა ბიემსის ავსტრალიელმა კადელ ევანსმა მოუგო და ჩემპიონობაც ცხვირწინ ააცალა.

პირველი შეტევა საწყის კილომეტრებზევე განხორციელდა, მაგრამ მთავარ ჯგუფს ვერაფრით მოწყდნენ მოიერიშეები. ფაქტობრივად მესამედი გზა ყველამ ერთად გაიარა. 100 კილომეტრის შემდეგ პელოტონი ლამის შუაზე გაიხლიჩა, ჯერ 27-მა მრბოლმა შეუტია, მათ მალე 17 დაემატა, ბოლოს კი თეთრი მაისურის ჩათვლის პირველი დუეტი ლატური და მარტენი პოლისთან ერთად შეურთდნენ.

47 ლტოლვილი ფინიშამდე 85 კილომეტრით ადრე 6 წუთზე მეტ უპირატესობას ფლობდა. მთებამდე ათიოდე კილომეტრი რჩებოდა. აღმართის წინ სხვაობამ 8 წუთს მიუკაკუნა. მანამდე შუალედური სპრინტი გაითამაშეს პეპლებმა ერთმანეთში, რომელიც საგანმა მოიგო და იმდენი ქულით გაექცა მდევრებს, შანზ-ელიზემდე ქულის გარეშეც რომ მივიდეს, მწვანე მაისურას მაინც ვეღარავინ შეეცილება. სლოვაკი ერთწლიანი პაუზის შემდეგ მეექვსედ გახდება ტურის საუკეთესო სპრინტერი, რაც ლეგენდარული გერმანელის ერიკ ზაბელის რეკორდის გამეორება იქნება.

მეორე კატეგორიის პორტე დ’ასპე ბელგიელმა ჟილბერმა ეულად გადაიარა 55 წამიანი ფორით და დაღმართზეც რისკიანად სწრაფად დაეშვა. ერთ-ერთ მოსახვევში ცუდად შევიდა, გზიდან გადავარდა და ლიდერობას გამოემშვიდობა. საბედნიეროდ გადარჩა.

ჟილბერი გზას სახიფათოდ ასცდა, მაგრამ გადარჩა

მენტეს 8,1% დახრილობის მთაზე კარუზომ და გესინკმა შეუტიეს, მაგრამ მწვერვალამდე რამდენიმე მრბოლი დაეწია ამ დუეტს, მთის მეფის ჩათვლაში ყველაზე მეტი ქულა ისევ ალაფილიპმა მოიპოვა. ქვევით თავიდან შვიდნი დაეშვნენ ერთად, მალე კიდევ ორნი შეურთდნენ. ნახევარი წუთით უკან 6 და კიდევ წუთნახევრით უკან ასევე 6 მრბოლი იყო. ესპანეთის ტერიტორიაზე წელს ტური მხოლოდ ამ ეტაპზე გადავიდა და ისიც ორ მთას შორის, წყნარ მონაკვეთზე. პორტიონის უღელტეხილის (პირველი კატეგორია) ძირს, რომელიც ზედ საზღვარზეა, 17 მრბოლმა უწია მდევრებზე წუთნახევრით, პელოტონზე კი 12 წუთით ადრე. თუმცა პელოტონმა ჩამორჩენის ნელ-ნელა აღმოფხვრა დაიწყო და მალე 10 წუთში ჩაჯდა.

ლიდერებს პირველი შარშანდელი მთის მეფე უორენ ბარგილი გამოაკლდათ. აქედან მოყოლებული შეტევები მომრავლდა. ძალები ყველას ერთნაირად არც ჰქონდა შერჩენილი. ყველაზე ციცაბო ადგილზე მანამდე გაქცეულ გესინკს და პოზოვივოს მოლემა შეურთდა. მალე მათ კიდევ სამნი დაეწიენ. მწვერვალამდე 4 კილომეტრით ადრე ალაფილიპი წავიდა კონტრშეტევაზე, მთის მეფის ჩათვლაში ქულების გარეშე არ დავრჩეო და მალეც შეუერთდა მოწინავეებს. სკოტის ბრიტანელი ლიდერის იეტსის იერიშმა შედეგი გამოიღო და ის პირველი იყო მწვერვალზე (20 ქულა). მეორე ალაფილიპი იყო (+22’’), რომელმაც 16 ქულა მოიპოვა წითელკოპლებიანი მაისურის ჩათვლაში. დანარჩენებმა ოცდაათიოდე წამი დათმეს. დაღმართზე ისევ რისკიანი დაშვება და ისევ ვარდნა. ამჯერად იეტსს არ გაუმართლა. სანამ ბრიტანელი წამოდგა, ის ალაფილიპმა ცოტათი უკან მოიტოვა. თავად ფრანგს რისკიანმა დაშვებამ გაუმართლა და წლევანდელ ტურზე მეორე, მის გუნდს კი მეოთხე გამარჯვება მოუტანა. მდევრებმა 15 წამი წააგეს. ლიდერთა ჯგუფმა ფინიშის ხაზი 8 წუთის და 52 წამის მერე გადაკვეთა.

ქუიკსტეპის ვარსკვლავები – ჟილბერი და ალაფილიპი

საერთო ჩათვლის სათავეში ცვლილებები არ ყოფილა. ხვალ მოკლე, მაგრამ მთელი ტურის მშვენება ეტაპია – 65 კილომეტრზე ბანიერ-დე-ლუშონიდან სენ-ლარი-სულენამდე ორი პირველი კატეგორიის მთაა, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით თანაბრად არიან აღმართულნი 1569 და 1580 მეტრზე. ფინიშის ხაზის და ზღვის დონიდან 2215 მეტრიანი ნიშნულის მისაღწევად კი ველოსიპედისტებს 16 კმ სიგრძის და 8,7% საშუალო დახრილობის აღმართის დაძლევა მოუწევთ, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული.

ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები

საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიდრო
გერენტ ტომასიდიდი ბრიტანეთისქაი83h 17' 13''
ტომ დიუმულენიჰოლანდიასანვები+ 01' 51''
კრის ფრუმიდიდი ბრიტანეთისქაი+ 02' 24''
პრიმოჟ როგლიჩისლოვენიალოტო+ 03' 22''
სტივენ კრუისვიკიჰოლანდიალოტო+ 06' 08''

სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიქულა
პეტერ საგანისლოვაკეთიბორა477
ალექსანდერ კრისტოფინორვეგიაემირატები246
არნო დემარისაფრანგეთიგრუპამა203
ჯონ დეგენკოლბიგერმანიატრეკი178
ჟულიენ ალაფილიპისაფრანგეთიქუიკსტეპი143

მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)

მრბოლიქვეყანაგუნდიქულა
ჟულიან ალაფილიპისაფრანგეთიქუიკსტეპი170
უორენ ბარგილისაფრანგეთიფორტუნეო91
რაფაელ მაიკაპოლონეთიბორა76
გერენტ ტომასიდიდი ბრიტანეთისქაი74
ტომ დიუმულენიჰოლანდიასანვები63

გუნდური ჩათვლა

გუნდიდრო
მოვისტარი250h 24' 53''
მერიდა+ 12' 33''
სქაი+ 31' 14''
ლოტო+ 47' 24''
ასტანა+ 01h 15' 32''
წილი
წინა სტატიამბაპემ მესი დაამცირა
შემდეგი სტატიაბაიერნი გადატვირთულია
გაიოზ თალაკვაძე
გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.