ანტონი მარსიალმა ბინაზე მოკლევადიანი იჯარა გააუქმა, რამაც „სანს” აფიქრებინა, რომ ფრანგმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადაიფიქრა. ბოლოხანს 22 წლის გარემარბი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ფავორიტთა შორის აღარ იყო, რის გამოც „ოლდ ტრეფორდის” დატოვებას აპირებდა. თავის მხრივ, როდესაც „განსაკუთრებულმა” გაიგო, რომ მარსიალს თვალი გაქცევაზე ეჭირა, გაღიზიანდა. წერდნენ, თუ ფრანგი წავა მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილი დარჩებაო.
ბინის საკითხი კი ასეთია: მარსიალი და მისი ფეხმძიმე მეგობარი გოგონა, რომელმაც ორიოდ კვირაში უნდა იმშობიაროს, მანჩესტერში, დინსგეიტზე, მდიდრულ კორპუსში მხოლოდ სამი თვით აპირებდნენ გადაბარგებას, მაგრამ გამქირავებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმეს და ჩეშირში, თავიანთ სახლში დარჩნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი წასვლას აღარ აპირებს.
მარსიალის შეძენა პრემიერლიგის წამყვან კლუბებს „ჩელსის”, „ტოტენჰემს” და „არსენალს” სურდათ. უცხოეთიდან აქტიურობდა „ბაიერნი”, მაგრამ გერმანიის ჩემპიონს 84 მილიონიან შეთავაზებაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგს „მანჩესტერ იუნაიტედთან” თანამშრომლობის ერთი წელიწადიღა დარჩა. გამოდის, რომ გაისად ამ დროს ის თავისუფალი აგენტი გახდება და სადაც მოეპრიანება წავა; მის სანაცვლოდ კლუბი ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი: კონტრაქტში არსებობს თანამშრომლობის ვადის ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი, რომელიც „იუნაიტედმა” შესაძლოა აამოქმედოს.
ფრანგი ფორვარდი მანჩესტერში „მონაკოდან” 2015 წელს 65 მილიონ ევროდ გადავიდა.