პეპე რეინა „მილანიდან” „ჩელსიში” გადასვლასთან არის ახლოს. დასავლეთ ლონდონელები მას 9 მილიონ გირვანქად ყიდულობენ, რაც ევროებში 10,08 მილიონს უდრის.
რამ გაახსენათ „ლურჯებს” 35 წლის ესპანელი მეკარე? საქმე ის არის, რომ მათი ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი და რეინა „ნაპოლიში” მუშაობდნენ ერთად.
უცნაურია: „რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილანში” ამ ზაფხულს მივიდა, მაგრამ გუნება ეცვალა და თავის ყოფილ მწვრთნელთან მოუნდა პრემიერლიგაში გადაბარგება. როგორც თქვეს, ორიოდ წელიწადში, როდესაც ვეტერანი თამაშს თავს დაანებებს, სარის სამწვრთნელი შტაბის წევრი გახდება. ასე რომ, საქმე შორსმიმავალ გათვლასთან გვაქვს. თან, ინგლისის ჩემპიონატი რეინასთვის კარგად ნაცნობი გარემოა, მან 2005-2014 წლებში კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლივერპულში” გაატარა.
„ჩელსი” თავის ახლანდელ მეკარეს, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერ ტიბო კურტუას როგორც ჩანს მართლა „რეალში” ყიდის და სარი მის შესაცვლელად ემზადება. ამ მხრივ რეინას, როგორც პრემიერლიგაში გამოცდილი კაცის მიყვანა შეიძლება კარგი ვარიანტიც იყოს, მაგრამ ასაკი მაინც აჩენს კითხვის ნიშნებს.
„ნაპოლიში” გადასვლამდე პეპე რეინამ რომლისთვისაც კარში დგომა მემკვიდრეობითი საქმეა — მამამისი მიგელი 1966-1973 წლებში „ბარსელონას”, ხოლო 1973-1980 წლებში „ატლეტიკოს” კარს იცავდა — „ლივერპულის” შემადგენლობაში 285 თამაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს ვეტერანი მესამე მეკარედ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ჰყავდა წაყვანილი.
მაურიციო სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” უკვე ჩაატარა პირველი ამხანაგური თამაში — პედროს გოლით ავსტრალიურ „პერს გლორის” 1:0 მოუგო.