მოსახდენი მოხდა: ევროწყალბურთში (და ეს იგივეა, რაც მსოფლიო წყალბურთში) მოდის კანონმდებელი რვა ნაკრები ისევ უკლებლივ გავიდა წლევანდელი ევროპირველობის მეოთხედფინალში (ორი წლის წინანდელი ევროს მსგავსად) და კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის ხრამი, რომელიც მათსა და დანარჩენ საწყალბურთო ევროპას შორის გაწოლილა. უნგრეთი – ჰოლანდია 12:9 (5–4, 4–2, 2–1, 1–2) – ეს ანგარიში თითქოს ბრძოლაზე მიუთითებს, მაგრამ წყალბურთის მოყვარული ტაიმების ჩანაშალს ჩაეძიება და ხელად დაგვარწმუნებს, რომ უნგრელებს მესამე ტაიმის ბოლოს უკვე გარკვეული ჰქონდათ ყველაფერი და დასკვნით მეოთხედში დამარცხებას შეგუებულ მეტოქეს ოდნავი სილაღის უფლება მისცეს.
ბერძენთა 13:5 გერმანელებთან და მონტენეგროს 15:5 რუმინეთთან კომენტარისთვის სივრცეს არ გვიტოვებს და პირდაპირ მეოთხედფინალური წყვილების ჩამოთვლისკენ გვიბიძგებს, სადაც ცხარე თამაშების მოლოდინი გვაქვს: სერბეთი უნგრეთთან ევროპის ჩემპიონის რანგში იფავორიტებს, მონტენეგროს მსოფლიოს ჩემპიონ ხორვატიასთან ექსიუგოსლავიურ დერბიში გაუჭირდება, იტალია რუსეთზე სიმპათიური ჩანს, ხოლო ესპანეთის და საბერძნეთის თამაშზე კოეფიციენტების განსაზღვრა ყველაზე ძნელი საქმეა.
წყალბურთის ევროპირველობის ერთი დიდი ღირსება თითოეული ადგილისთვის ბრძოლა გახლავთ. სამეოთხედფინალო პლეიოფის უიღბლონი გუდანაბადს კი არ იკრავენ, არამედ მე-9-დან მე-12 ადგილებს ინაწილებენ. ამ საქმისთვის ჰოლანდია რუმინეთს დაუპირისპირდება, გერმანია – საფრანგეთს.
ახლა კი ჩვენს ბოსტანში დავბრუნდეთ. საქართველოს ნაკრებმა მე-13 ადგილისთვის თამაშის ნახევარფინალში ადვილად განსაჭვრეტი გამარჯვება მოიპოვა თურქეთთან. ქართველებმა პირველ ტაიმშივე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი საქმეს, 6 გოლი შეაგდეს და სამი მიიღეს, ხოლო მომდევნო ორი მეოთხედის მანძილზე საქმეში საწყალბურთო სიბრძნე ჩართეს და მოპოვებული ხელიდან არ გაუშვეს. დასკვნით მეოთხედში თურქთა მედგარი ბრძოლის მიუხედავად კლასმა თავისი გაიტანა და ჩვენებმა ფიზიკურადაც იძალეს, ამიტომ 15:10 (6–3, 1–1, 3–3, 5–3) და დასკვნითი მატჩი სლოვაკეთთან, რომლის მოგებაც ქართველებს ევრო-2016-ის შედეგზე (მე-14 ადგილი) ერთი საფეხურით აამაღლებს.
