ჯერ სრულად ვერ ასიგრძეგანებს, ალბათ, “ჩელსის” ყოვლისშემძლე პატრონი, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის დანიშვნით რამხელა შარში გაჰყო თავი.

სინიორ მაურიციოს კვალიფიკაციასა და საქმისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანაც კი მკრეხელობა იქნებოდა, მაგრამ აბრამოვიჩი მზად უნდა იყოს, რომ მის გუნდს დამდეგ სეზონში თანამედროვეობის ყველაზე უცნაური (მეტისმეტად მსუბუქი ნათქვამია) სპეციალისტი გაწვრთნის.

ბევრს ვინ არ ეწევა, მაგრამ სინიორ მაურიციო მსოფლიოს ჩემპიონატზე უცილობლად პრიზიორი იქნებოდა.

დრის მარტენსი (ნაპოლის ფორვარდი): როცა გუნდს საქმეები ცუდად მისდის, სარი დღეში ხუთ კოლოფ სიგარეტს ეწევა.

იტალიური მედია: მარტენსი ცდება. სარი ხუთ კოლოფს მაშინაც ეწევა, როცა გუნდს წარმატებული პერიოდი აქვს.

სარი მარკ ტვენის პრინციპით ცხოვრობსო: არ ეწევა, როცა სძინავს და ვერ ამბობს უარს სიგარეტზე, როცა ღვიძავს. ერთხელ გერმანული „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობამ სპეციალური ზონაც კი მოაწყო „ნაპოლის“ სტუმრობის წინ, სადაც სარის შეეძლო გაებოლებინა.

„გმადლობთ, მაგრამ მაინც იქ მოვწევ, სადაც მინდა და მერე ჯარიმას გადავიხდი“ – იყო პასუხი. სარის ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე აქვს ნათამაშევი და მისი თანაგუნდელები გაოცებას ვერ მალავდნენ: წვიმაში სიგარეტით ისე ვარჯიშობდა, არ უქრებოდა. ერთადერთი, სადაც მაურიციო ვერ ეწევა, პრესკონფერენციაა, სადაც მას განუხრელად ახლავს „ნაპოლის“ სამეურნეო ნაწილის გამგე ტომაზო სტარაჩე.

ტომაზო ის კაცია, მარადონას ორივე ჩემპიონობას რომ შეესწრო ნეაპოლში. დიეგო მას ყველაზე უძვირფასესს – საკუთარ ბუცებს ანდობდა. მარადონა ბუცებს საფენებს აცლიდა და ქაცვებს რომ ფეხები არ დაეზიანებინათ, სტარაჩე ფაქიზად უკრავდა შიგნიდან სპეციალურ ლენტს…

სარიმ სტარაჩეს ძველი ყავადანი და ჭუჭყიანი ელექტროქურა ანდო – პრესკონფერენციებზე უსიგარეტობას ყავა ესპრესოს რამდენიმე ჭიქით იქარვებს. ეს სარის უცნაურობათა მხოლოდ მცირე ნაწილია.

ერთხელ იტალიელმა ჟურნალისტებმა სარის ჰკითხეს, ვინ მეტს ეწევა, სარი თუ ზდენეკ ზემანი?

ზემანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემზე ადრე იღვიძებს, – იყო მაურიციო სარის პასუხი.

მას პანიკურად ეშინია შავი კატების. ერთხელ ვარჯიშზე ნახევარი საათით დააგვიანა და ფეხბურთელებმა დაურეკეს. უპასუხა, შავმა კატამ გადამირბინა და ველოდები, ვინმე წინ გავატარო, არადა, უკაცრიელ ქუჩაზე ვდგავარო.

სამოყვარულო „სანსევინოში“ მუშაობისას მისივე ფეხბურთელის, მარკო ფარის მანქანას შეასკდა. იმ დღეს მისმა გუნდმა მოიგო. ერთი კვირის შემდეგ პრინციპული მატჩი ჰქონდათ „კიუზისთან“. სარი ამჯერად განზრახ შეასკდა ფარის მანქანას და… 2:0 მოიგეს. მომდევნო მატჩზე საწყალი ფარი ტაქსით მივიდა…

ვერ იტანს ფერად ბუცებს და არ ადარდებს ფეხბურთელთა პირადი სარეკლამო კონტრაქტები – ბუცები შავად გადააღებინა…

მისი ნომერი სასტუმროში 3-ზე უნდა მთავრდებოდეს…

ორი თვე არ იჭრიდა ფეხის ფრჩხილებს, რომ ფორტუნა არ დაეფრთხო…

„ჩელსის“ სთხოვა, ჩემი დანიშვნა პარასკევს, 13 რიცხვში არ გაახმოვანოთო და შაბათამდე გადადეს…

ბრიტანულმა მედიამ კი კარგი საკბილო იშოვა, მაგრამ აბრამოვიჩს რა ძალა ედგა?!

წილი
წინა სტატიაიოზილმა ნაკრების კარი გაიჯახუნა
შემდეგი სტატია13 აგვამაღლებს
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".