მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან ხმაურიანი წასვლის ამბავი იოლად რომ არ ჩაცხრებოდა ძნელი მისახვედრი არ იყო. „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 29 წლის ნახევარმცველზე დაურიდებლად თქვა „ეგ უკვე ბევრი წელია რაც მძ…იაო”.

ახლა იმის შეხსენებას აღარ დავიწყებთ, რომ იოზილი წარმოშობით თურქია, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო და ამას გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა.

ჰიონესმა, რომელიც 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ თქვა, რომ ბედნიერია რაკიღა როგორც იქნა დადგა დღე, რომლის მერეც იოზილს ნაკრებში აღარ იხილავს.

„მან მეტოქეს ორთაბრძოლა ბოლოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოუგო. მოედანზე მხოლოდ განივ პასებს აწოდებს, მეტს კი არაფერს აკეთებს. ახლა ცდილობს თავისი უღიმღამო ფეხბურთი ფეისბუქში საკუთარ ფოტოს ამოაფაროს. ყოველთვის, როდესაც „ბაიერნი” არსენალს ხვდებოდა, ვცდილობდით ზეწოლა იოზილზე მოგვეწყო, რადგან მეტოქის ყველაზე სუსტი წერტილი ის იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ნაგავი ფეხბურთი ითამაშა ამაში ეჭვი არავის ეპარება. სოცქსელებში მისი მიმდევარი 35 მილიონი ბიჭი თუკი მართლა არსებობს, ალბათ ფიქრობს, რომ ბურთის სიგანეზე გორება კარგი ფეხბურთია”, — თქვა ჰიონესმა.

მესუთ იოზილი ამჟამად „არსენალთან” ერთად სინგაპურშია, სადაც ხუთშაბათს მადრიდის „ატლეტიკოს” უნდა შეხვდეს.