მესუთ იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს რასიზმში დასდო ბრალი და ნაკრებიდან წავიდა. „არსენალის” 29 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტოს გადაღების გამო მას დაუნდობლად მოეპყრნენ.

მოგეხსენებათ, თურქული წარმოშობის იოზილს ერდოღანთან ფოტოს გადაღება პოლიტიკურ აქციად ჩაუთვალეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს იყო ისტორიული სამშობლოს პატივისცემა და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კერძოდ ვინ იყო თურქეთის პრეზიდენტი.

ხსენებულ ფოტოს გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ამხანაგურ შეხვედრებში იოზილს ტრიბუნებიდან უსტვენდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ბუნდესმანშაფტი მონდიალზე ჯგუფში ჩარჩა, ჯოხი დიდწილად მასზე გადატეხეს.

და აი, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელებში ვრცელი, სამნაწილიანი მიმართვა გამოაქვეყნა სადაც დაწერა, რომ ბოლო ხანს მომხდარი ამბების შემდეგ მას აღარ შეუძლია გერმანიის ნაკრებში თამაში და იძულებულია გუნდი დატოვოს.

მან დაწერა, რომ თავს რასიზმის მსხვერპლად გრძნობს. ის გერმანიის ნაკრებში მთელი გულით თამაშობდა, ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა კი მის თურქულ წარმოშობას პატივი არ სცა, წრფელი გრძნობები პოლიტიკურ პროპაგანდად შერაცხა.

„ფეხბურთს ამისთვის არ ვთამაშობ და ეს ის საკითხია, რომელსაც ვერ წავუყრუებ. რასიზმს ვერასდროს შევეგუები”, — დაწერა იოზილმა.

იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტსაც შეუტია: „რაინჰარდ გრინდელისა და მისი თანამოაზრების აზრით, როდესაც ნაკრები იგებს მე გერმანელი ვარ, ხოლო როდესაც მარცხდება — ემიგრანტი.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადებს გერმანიაში ვიხდი, როგორც ქველმოქმედი ფულს გერმანულ სკოლებს ვურიცხავ და 2014 წელს გერმანიისთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვე, საზოგადოებამ თავის წევრად მაინც არ მიმიღო.

ჩემს მეგობრებს, მიროსლავ კლოზესა და ლუკას პოდოლსკის არავინ უძახის გერმანელ-პოლონელებს, მაშ მე თურქ-გერმანელს რატომ მეძახიან?”

და ბოლოს: „გრინდელისა და უამრავი სხვა ადამიანის მოპყრობის გამო მე აღარ მინდა გერმანიის ნაკრების მაისურა ვატარო”.