„ეს იყო ისტორიული გამარჯვება. აუცილებლად ვიშუამდგომლებ უკრაინის პრეზიდენტთან, რომ ალექსანდრ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს“ – განაცხადა დღეს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა ვლადიმირ გროისმანმა.
და რა ქნა ასეთი უსიკმა?
ბევრი არაფერი…
წუხელ მოსკოვში, გადავსებული სპორტკომპლექს „ოლიმპიისკის” და ასობით მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ უმოწყალოდ გალახა რუსების ჯილა მურატ გასიევი.
ბრძოლა პირველი მძიმე წონითი კატეგორიის იყო და გამარჯვებული ოთხ უმთავრეს საჩემპიონო ქამართან ( WBC, WBO, IBF, WBA) ერთად მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულსაც იღებდა.
მწირი ტექნიკური არსენალი აღმოაჩნდა გასიევს. მთელი შეხვედრა ეძებდა შანსს, როგორმე ღვიძლში დაერტყა უსიკისთვის – ამ ილეთმა რამდენჯერმე გამარჯვება მოუტანა, მაგრამ არა უკრაინელთან.
უსიკმა ჰუკებით თავბრუ დაახვია მეტოქეს და ორჯერ კარგი აპერკოტიც უთავაზა. ნახევარი ბრძოლაც არ იყო გასული და ყველა მიხვდა, რომ გასიევი ქულებით მომგები არ იყო. მხოლოდ ნოკაუტი, მაგრამ ვინ მიუშვა?!
ალექსანდრ უსიკი მსოფლიო კრივის ისტორიაში მეოთხე სპორტსმენი და პირველი არაამერიკელია, ვინაც ოთხივე საჩემპიონო ქამარს მოუყარა თავი.