ეს არის ყველაზე აგრესიული სატრანსფერო ფანჯარა „ლივერპულის“ თანამედროვე ისტორიაში. სამი დღის წინათ მათ სარეკორდო 73 მილიონი ევრო გადაიხადეს ბრაზილიელ მეკარე ალისონში და ამის შემდეგ მათმა დანახარჯმა ჯამში 190 მილიონი ევრო შეადგინა.
ბრაზილიელი მეკარის გარდა ამ ზაფხულს მერსისაიდელებმა ასევე ნაბი კეიტა, ფაბინიო და ჯერდან შაჩირი იყიდეს. თუ ამას დავამატებთ ზამთარში ცენტრალურ მცველ ვირგილ ვან დეიკში გადახდილ ასევე სარეკორდო 84 მილიონს, ნათელი ხდება, რომ „ლივერპულმა“ სტრატეგია შეცვალა და სასურველი ფეხბურთელების გადასაბირებლად დიდი თანხების გაღებას აღარ ერიდება.
ამან გარკვეული კითხვები გააჩინა „წითლების“ დამრიგებელ იურგენ კლოპის მიმართაც, რომელმაც „მანჩესტერის“ მიერ პოლ პოგბაში გადახდილი 100 მილიონი ევროს შემდეგ თქვა:
„სხვა კლუბებს შეუძლიათ დიდი ფული გადაიხადონ და საუკეთესო ფეხბურთელები შეიძინონ. მე სხვაგვარად მოცვიქცეოდი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფული მექნებოდა.“
ახლა კი ის ამბობს: „არ გვაინტერესებს რას ფიქრობენ ჩვენზე. ისევე, როგორც „მანჩესტერს“ არ აინტერესებდა რა ვთქვი მაშინ. ეს იყო მაშინდელი მოსაზრება. ახლა შევიცვალე აზრი? დიახ, შევიცვალე. მაგრამ ჯობს შეიცვალო, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. მესმის თქვენი, მაგრამ ამ ორ წელიწადში ბევრი რამ მოხდა, 100 მილიონიანმა ტრანსფერმა საფეხბურთო სამყარო მთლიანად შეცვალა. ეს მართალც სიგიჟე იყო“.
2017 წლამდე ლივერპულის სარეკორდო ტრანსფერი 39 მილიონი ევრო გახლდათ, რომელიც 2011-ში ენდი კეროლში გადაიხადეს. შარშანდლიდან მოყოლებული კი „წითლებმა“ მოჰამედ სალაჰში 44, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენში 43, ვირგილ ვან დეიკში 84, ნაბი კეიტაში 58, ფაბინიოში 49, და ალისონში 73 მილინი ევრო გადაიხადეს. თუმცა კლოპი დარწმუნებულია, რომ ასეთი თანხები უკვე ნორმად ყალიბდება.
„ცხადია, მეკარეში სარეკორდო თანხა გადავიხადეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში სხვა კლუბებშიც არანაკლები ხმაურიანი ტრანსფერები მოხდება.“ – დასძინა კლოპმა.
„ემრე ჯანის წასვლის შემდეგ, ცხადია, მისი შემცვლელი გვჭირდებოდა და ფაბინიო შევიძინეთ მონაკოდან, ეს წარმატებული ბიზნესი გამოდგა. კეიტა ლაიფციგში ბრწყინავდა და ჯერ კიდევ შარშან გვინდოდა მისი შეძენა. შაჩირის კარგი სეზონი ჰქონდა „სტოკში“ და ახლახან დამთავრებულ მონდიალზეც ჩინებულად ითამაშა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს კი მუქთად არავინ დაგვითმობდა.“ – ამბობს კლოპი.
შემდეგ კლოპს შესაძლო ახალ ტრანსფერებზე, კერძოდ, „დორტმუნდის“ ამერიკელ შემტევ ნახევარმცველ კრისტიან პულიშიჩზეც ჰკითხეს, რაზედაც გერმანელმა მიუგო: „მას ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან მომწონს. ის ფანტასტუიკური მოთამაშეა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი აკავშირებს დორტმუნდთან“.
ეს პრესკონფერენცია გუშინ გაიმართა შარლოტში. მოგეხსენებათ, ამჟამად კი ლივერპული აშშ-ში იმყოფება საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ.