ირა ზაქარეიშვილი გეტებორგიდან

შვედეთში, „გოტია კაპზე“ მყოფმა „საბურთალოს“ ბავშვთა ორივე გუნდი ფლეი ოფებში გავიდა და ორივემ საკმაოდ წარმატებით ითამაშა. წელს ტურნირის ორგანიზატორებმა პირველად გადაწყვიტეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გაეთამაშებინათ მედლები და მხოლოდ საუკეთესო ათეულები შეედგინათ, რაგდან მათი თქმით ბავშვი წაგების შემდეგ ემოციებით იტანჯება და მომავალი თაობის ფსიქიკას მეტი გაფრთხილება უნდაო…

ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული და საქართველოშიც თითქმის ასეა-12 წლამდე წაგება-მოგებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს..

საბურთალოს პირველმა გუნდმა (მწვრთნელი ვლადიმერ მუსერიძე) პირველი მატჩი „ინგლისის ლომებთან“ ფრედ 1-1 ითამაშა (გოლის რევაზ ჯაფარიძე), შემდეგ ამერიკულ „იუნაიტედთან“ დამარცხდა 1:3 ( ნოდარ ტოგონიძე), ამის მერე გერმანულ „ჯერმანისთან“ 0:1 წააგეს, გერმანიისვე „სეგებერგ 1“-თან 1-2 (რევაზ ჯაფარიძე) და საბოლოოდ ტურნირის ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი, რაც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება საბურთალო 2-ს (მწვრთნელი გიორგი ნადირაძე). მათ ჯერ გერმანიის „სეგებერგ 3“  4-1 გაანადგურეს (დავით გოგელაშვილი 2, ზურაბ მაჭარაშვილი 1 და მიხეილ კარაჯაევი 1), შემდეგ კორეულ „„ნთერნეიშნალს“ 5:0 გადაუარეს (დავით გოგელაშვილი 4 და მიშო კარაჯაევი). ამის მერე საბურთალომ საოცარი მატჩი ითამაშა შვედურ „ფროლუნდასთან“ 5-5 (დავით გოგელაშვილი – 2, ზურაბ მაჭარაშვილი, მიშო კარაჯაევი და გიორგი ნონეშვილი) და ბოლო მატჩში შვედურ „ფიალბაკასთან“ გაისეირნა 9-1 (დავით გოგელაშვილი 6, მიშო კარაჯაევი-2, ცოტნე გოქაძე-1).

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევრამცველის, გიორგი ნადირაძის შეგირდები მეშვიდე ადგილზე გავიდნენ სამასამდე გუნდში!!

ხვალ საბურთალოელები ბორანით დანიაში გაემგზავრებიან და პატარა ქალაქ ჰიორინგშ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბავშვთა ტურნირზე (1000 გუნდი) – „დანა კაპზე“ იასპარეზებენ.

სოფო გიგაურის ფოტოები