სენ-პოლ-ტრუა-შატოსა და მენდეს შორის ეტაპი ტურ დე ფრანსის საერთო ჩათვლაში მოწინავე მრბოლებისთვის ცოტა ამოსუნთქვის საშუალება უნდა ყოფილიყო და ასეც დაიწყო ეტაპი, მაგრამ ბოლოს მათაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ სტატუს-კვო რომ შეენარჩუნებინათ.

სტარტზე გამოსული 152 ველოსიპედისტიდან ბევრს სურდა თავის გამოჩენა შეტევაში და ამიტომ უკვე მეხუთე კილომეტრზე პელოტონი ოთხ ნაწილად დაიშალა. არიერგარდში ისეთი ხალხი გაება მახეში, როგორებიც მიკელ ლანდა, რომან ბარდე და ალეხანდრო ვალვერდე არიან.

საბედნიეროდ დიდი ხნით არა.

ავანგარდში მე-12 კილომეტრზე 7 მრბოლი გაიქცა, მაგრამ 8 კილომეტრის მერე მათ მინიპელოტონი წამოეწია და მოიერიშე ჯგუფი 32-მდე გაიზარდა. უკან დარჩენილები ზანტად ირჯებოდნენ, ტემპს არ უჩქარებდნენ, თითქოს სენ-პოლი სამ სასახლეს (ტრუა შატო) ეძებდნენ. არადა, ეს საქმე მანამდე ბევრ ისტორიის მოყვარულს არ გამოუვიდა. ქალაქი სენ-პოლ-ტრუა-შატო დაახლოებით პირველ საუკენეში დაარსდა და კელტო-ლიგურიულ ხალხს – ტრიკასტინებს ეკუთვნოდა. აქ რომზე ლაშქრობისას ჰანიბალსაც კი გაუვლია კართაგენული ლაშქრით, რომაელთაგან დაპყრობილს აუგუსტა ტრიკასტინორუმი დაერქვა და საკმაოდ აყვავდა კიდეც. ისე რომ, საუკუნეების შემდეგ ისტორიკოსების და არქეოლოგების საყვარელ ადგილად იქცა.

სწორედ მაშინ, ვიღაცას შეეშალა თუ იხუმრა და ერთ-ერთ თარგმანში ლათინურიდან არასწორად დააფიქსირა, რომ სახელი სამი სასახლის გამო ეწოდა ქალაქსო. ჰოდა, იმის მერე ეძებენ და ვერ ჰპოვებენ…

დაწინაურებულ ჯგუფში მწვანე და წითელკოპლებიანი მაისურების მფლობელებიც იყვნენ, რომლებმაც შესაბამისი ჩათვლების ქულები წამოკრიფეს და მერე მთელი ჯგუფი შეთანხმებულად და ძლიერად შეუდგა მუშაობას. მეორე კატეგორიის სირთულის მთა ლა კრუა დე ბერტელზე ასვლისას ორ პელოტონს შორის სხვაობამ 11 წუთს გადააჭარბა და ზრდა არ შეუჩერებია. მერე სამი მრბოლი დაწინაურდა დაახლოებით წუთნახევრით და ფინიშამდე 30 კილომეტრით ადრე ამ სამეულიდან ბელგიელი ჯასპერ სტუივენი გაიქცა. კიდევ 20 კილომეტრის გავლის შემდეგ მისმა უპირატესობამ პირველ პელეტონთან წუთი და 40 წამი შეადგინა, მაგრამ მალე დაიწყო მეორე კატეგორიის სირთულის, მაგრამ საშინელი აღმართი – ლა კრუა ნევი, რომელიც მხოლოდ 3 კილომეტრია, თუმცა ადგილებში დამრეცობა 12%-ზე მეტი აქვს. ამ დროს რამდენიმე შეტევის მომსწრენი გავხდით, რომელთა შორის საუკეთესო ესპანელი ბასკის ომარ ფრაილის აღმოჩნდა. ის ბელგიელს მწვერვალამდე 500 მეტრით ადრე დაეწია და ფინიშამდე აღარ დათმო ლიდერობა.

წითელკოპლებიანმა ალაფილიპმა და სტუივენმა 6 წამი წააგეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თითქოს მეორე რბოლის დასასრულს ვუყურეთ – მეორე პელოტონმა, რომელიც 18 წუთიანი დაგვიანებით მოვიდა, არანაკლებ დაძაბული საქმის გარჩევა გააჩაღა.

ლანდას და დუმულენის შეტევებმა ვერ გაამართლა, სამაგიეროდ როგლიჩმა იყოჩაღა და კონკურენტებს 8 წამი მოუგო. საერთო ჩათვლის სამეულმა ფინიში ერთდროულად გადაკვეთა, ცოტა უკან კი კვინტანამ 10, ხოლო ბარდემ 14 წამი დათმეს. საფრანგეთის შუა საუკუნეების შიდა რელიგიური ომები რომ არა, მრბოლებს „შეუდარებელიც“ მიესალმებოდა და რბოლის დამთავრებას მეზობელ ქვეყნებშიც მისი ხმა აუწყებდა ხალხს.

1516 წელს მენდის კათედრალის მღვდელმსახურმა ფრანსუა დე ლა როვერმა გადაწყვიტა უზარმაზარი ზარის ჩამოსხმა. თქმა და ქმნა ერთი ყოფილა და მომდევნო წელს კათედრალზე ოფიციალურად „ფრანსუად“ წოდებული ზარი ჩამოიკიდა, რომელსაც მოსახლეობამ სიდიდის გამო „შეუდარებელი“ დაარქვა, ქართულად კი, ვგონებ „უ-ზარ-მა-ზარ-ი“ უფრო მოუხდებოდა. 3,25 მეტრი დიამეტრი, 2,75 მეტრი სიმაღლე, ხოლო სისქე 33 სანტიმეტრი. წონა 25 ტონაზე მეტი ყოფილა, მისი დღესაც შემორჩენილი ენა 2,2 მეტრი და 470 კილოგრამია.

დედები თურმე ბავშვებს სარდაფებში მალავდნენ როცა ეს ზარი რეკდა, ყურის ბარაბნები არ დაუსკდეთო. „უზარმაზარის“ ხმა 1579 წელს შემწყდარა, რაშიც ბრალი ჰუგენოტების კაპიტან მატიე მერლს მიუძღვის. ხვალინდელი, მე-15 ეტაპი, მილოსა და კარკასონს შორის 163 კილომეტრიანია თითო მესამე, მეორე და პირველი კატეგორიის სირთულის მთებით. ტური პირინეებს მიეახლება და სამშაბათიდან გამარჯვებულის გარკვევაც გადამწყვეტ ფაზაში შევა.