საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ის შეჯიბრებაა, რომელიც ზაფხულობით ტარდება და წამყვანი ევროპული კლუბებისთვის რეალურად სეზონისთვის მომზადებას, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავს. ამ შეჯიბრების ფარგლებში, ჩიკაგოში თავიანთი პირველი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტიმ” და „დორტმუნდმა”. მატჩი დამთავრდა გერმანული გუნდის გამარჯვებით 1:0. ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. პენალტი 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა.
მატჩის დამთავრების შემდეგ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გაწბილებული ჩანდა. შეხვედრის მსვლელობისას დორტმუნდელები „სიტის” ორ ფეხბურთელს რიად მაჰრეზსა და ლუკას ნმეჩას ეუხეშნენ, ხოლო გერმანული გუნდის ორი მოთამაშე მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა.
გვარდიოლა გასულ სეზონშიც ჩიოდა, რომ მსაჯები ფეხბურთელებს მეტოქეთა უხეშობისგან არ იცავენ. კატალონიელმა მწვრთნელმა იგივე თემა პირველივე „ამხანაგური” შეხვედრის მერეც წამოწია.
„მსაჯები სწორედ ამიტომ არიან მოედანზე. ფეხბურთელების დაცვა მათი უშუალო მოვალეობაა, — თქვა „სიტის” თავკაცმა, — მართალია, მე მოედანზე უხეშობის ამბავი მაღელვებს, მაგრამ რაც არის, არის. თუკი ვერაფერს შევცვლით, შევეცდებით არსებულ პირობებს მოვერგოთ. რაც შეეხება შეხვედრას, იყო წუთები როდესაც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მერე გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. რამდენიმე ეპიზოდში ჩვენ ბურთი დავკარგეთ და მეტოქემ კონტრშეტევები მოგვიწყო”.
პეპ გვარდიოლამ „სიტის” კარის დაცვას პირველ ტაიმში კლაუდიო ბრავოს ანდო, ხოლო მეორეში ჯო ჰარტს.
ჰარტს „მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. აღსანიშნავა, რომ „დორტმუნდთან” ის ყოჩაღად იდგა კარში და ერთი კარგი ბურთიც მოიგერია.